LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (8-14 ივნისი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

3958
მიხეილ ცაგარელი

უახლოესი ერთი კვირის პერიოდი, რომელიც 8 ივნისიდან 14 ივნისამდე შუალედს მოიცავს, ასტროლოგიურად ორ ძირითად ნაწილად იყოფა. კვირის პერიოდი 10 რიცხვის ჩათვლით გამოირჩევა პოზიტიური შანსებით, კარგი ენერგეტიკით და მეტად სასიკეთოა თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშნისათვის. თუმცა, 10 ივნისის შემდგომ იწყება კვირის მეორე ნახევარი, რომელიც გაცილებით რთულ ტენდენციებს შემოიტანს ადამიანების ცხოვრებაში.

ვერძი – ვერძის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები ამ კვირაში ნამდვილად არ უჩივიან ჯანმრთელობას. მათი ჯანმრთელობა მდგრადია, თავად კი არიან მაქსიმალურად აქტიურები, ენერგიულები, ინიციატივიანები და ლიდერული თვისებებიც უმაღლეს დონეზე აქვთ გამოვლენილი. კვირის პირველი ნახევარი, 10 რიცხვის ჩათვლით, სწორად უნდა გამოიყენოთ, რადგან ამ დროს საუკეთესო შესაძლებლობები გეძლევათ საკუთარი მიზნების რეალიზაციისათვის. ეს პერიოდი აღმოჩნდება მეტად რომანტიკული და საუკეთესოა მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების, პარტნიორული თანამშრომლობისა და მგზავრობა-მოგზაურობისათვის. აი, კვირის მეორე ნახევარი კი ამ კუთხით ბევრად რთულია. თუმცა ჯანმრთელობა კვლავინდებურად მყარი და მდგრადი გინარჩუნდებათ, ურთიერთობები საგრძნობლად რთულდება. კონტაქტებისა და ურთიერთგაგების შემცირების ფონზე, შესაძლოა სიტუაცია ახლობლებთანაც კი საკმაოდ დაიძაბოს. თქვენ ხდებით ზედმეტად მომთხოვნი სხვების მიმართ, ხართ პირდაპირი, სულსწრაფი და გამოხატავთ ეგოიზმს, რაც კონფლიქტებს უწყობს ხელს. გარდა ამისა, მეორე ნახევარში მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა, ამიტომ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია კარგად გადაამოწმეთ. ნუ მოაწერთ ხელს საბუთებს, სანამ თითოეულ პუნქტს დეტალურად არ გადახედავთ, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო შეცდომები, რომელთაც წინა პლანზე წამოწევის ტენდენცია ექნებათ.

კურო – კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის ენერგოტონუსი მთლიანობაში ჯერ კიდევ დაბალია, ამიტომ ზედმეტად ნუ გადაიღლებით. განსაკუთრებული ყურადღებით გამოიყენეთ კვირის პირველი ნახევარი 10 ივნისის ჩათვლით. ამ დროს გაქვთ უდიდესი შანსი, რომ მნიშვნელოვნად გამოასწოროთ და განავითაროთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, რაც მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ და ეს პერიოდი თქვენთვის უდავოდ სასიკეთოა. რაც შეეხება კვირის მეორე ნახევარს, 10 რიცხვის შემდგომ, აქ უკვე მეტი სიფრთხილე გმართებთ. თქვენში საგრძნობლად მატულობს სიჯიუტე, ზედმეტი პირდაპირობა და სხვების აზრის გაუთვალისწინებლობა. თუკი თქვენი ნაბიჯები არ იქნება პრაგმატულად და კარგად გააზრებული, შესაძლოა არაერთი უსიამოვნებისა და სერიოზული პრობლემის წინაშე დადგეთ. კვირის მეორე ნახევარში მაქსიმალურად მოერიდეთ ყოველგვარ ზედმეტ ფინანსურ ხარჯს, გარდა უკიდურესი საყოფაცხოვრებო აუცილებლობისა. საფინანსო ინვესტიციებისა და კაპიტალდაბანდებებისათვის მხოლოდ კვირის პირველი ნახევარია სასიკეთო.

ტყუპები – ტყუპების ზოდიაქოს ნიშანი ამ კვირის მთავარი ფავორიტია. თქვენი ენერგოტონუსი ყველაზე მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია და ემოციური სტაბილურობაც უმაღლეს ნიშნულს აღწევს. ოპტიმიზმი და იღბალი სრულად თქვენს მხარესაა, რის გამოც სხვა ნიშნებთან შედარებით ყველაზე მეტად წარმატებული ხართ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ კვირის პირველი ნახევარი, 10 რიცხვის ჩათვლით, სხვა კუთხით ბევრად უკეთესია, ვიდრე მეორე ნახევარი (ეს გაფრთხილება ჯანმრთელობას არ ეხება). პირველ ნახევარში საუკეთესოდ შეძლებთ საკუთარი ნიჭისა და უნარების წარმოჩენას. იქნებით არაერთი საინტერესო ღონისძიების, პროექტისა და იდეის ინიციატორი. როგორც ლიდერი ან ხელმძღვანელი, წინა პლანზე შესანიშნავად წარმოჩნდებით. გექნებათ საინტერესო ჩანაფიქრები და მყარ ინტუიციაზე დაყრდნობით შეძლებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. აი, 10 ივნისის შემდგომ კი, ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა მოულოდნელი შეხვედრებისა და რომანტიკული თავგადასავლების წინაშე აღმოჩნდეს, თუმცა ამავე დროს, არ არის გამორიცხული, რომ კვირის მეორე ნახევარში დაგეძაბოთ ურთიერთობები კოლეგებთან ან უფროსი თაობის ადამიანებთან, ზოგ შემთხვევაში მშობლებთანაც კი, რამაც შესაძლოა ამ კვირის საერთო პოზიტიური სურათი ცოტათი გააფუჭოს.

კირჩხიბი – კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისათვის კვირის პირველი ნახევარი, 10 რიცხვის ჩათვლით, საუკეთესო პერიოდია, ხოლო მეორე ნახევარი საგრძნობლად უარესდება. კვირის პირველ ნაწილში შეგიძლიათ ძალიან ეფექტურად იზრუნოთ საკუთარ სულიერ და პროფესიულ განვითარებაზე. თქვენი შარმი და პოპულარობა საკმაოდ მაღალია, რის გამოც ძალიან კარგად და გარკვევით მიხედავთ მიმდინარე საქმეებს. თუმცა, 10 რიცხვის შემდგომ, თქვენი ყურადღების კონცენტრაცია საგრძნობლად კლებულობს. განსაკუთრებით გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, არ გაცივდეთ და ნუ გადაიღლებით. კვირის მეორე ნახევარში თავი შეიკავეთ ემოციური არასტაბილურობისა და ხასიათის ცვალებადობისაგან, რადგან თავდაჯერებულობის ნაკლებობის გამო, შესაძლოა ორმაგად გაიფუჭოთ ურთიერთობები როგორც სახლში, ისე სამსახურში. ოჯახურ გარემოში, უფროსი თაობის ნათესავებთან ურთიერთობა საკმაოდ დაძაბული იქნება. შესაძლოა დაკარგოთ მიმდინარე საქმეებისადმი ინტერესი და მეტად გადაერთოთ შემოქმედებაზე ან სასიყვარულო თავგადასავლებზე, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა დამატებითი პრობლემები შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში.

ლომი – ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს მთელი კვირის განმავლობაში აქვთ მდგრადი ენერგია, მაღალი კომუნიკაბელურობა და ლიდერული თვისებები. თუმცა, სხვადასხვა კუთხით, კვირის პირველი ნახევარი გაცილებით ეფექტურია კონტაქტებისა და სანაცნობო წრის გაფართოებისათვის. საქმიანი და შემოქმედებითი კავშირების დამყარებისას მეგობრები მაქსიმალურად დაგიჭერენ მხარს და როგორც იტყვიან, პროტექციას გაგიწევენ. ამ პერიოდში შეგიძლიათ დაიწყოთ საინტერესო რეფორმები, განახორციელოთ ახალი იდეები და პროექტები. ეს არის ინტერნეტთან აქტიური კონტაქტისა და საჭირო ინფორმაციის მიღების დრო. აი, კვირის მეორე ნახევარი კი თქვენგან მეტ სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს. ამ პერიოდში თქვენს საწინააღმდეგოდ შესაძლოა თავი იჩინოს ჭორებმა და ინტრიგებმა, რამაც შესაძლოა გაუგებრობა და უთანხმოება ჩამოაგდოს თქვენსა და კოლეგებს ან საქმიან პარტნიორებს შორის. ამ კუთხით იყავით ფხიზლად, რათა პრობლემები არ შეიქმნას. მიუხედავად ამისა, სასიკეთო ტენდენციები თქვენს ცხოვრებაში მაინც უფრო მეტია, ვიდრე ნეგატიური. უბრალოდ, კვირის მეორე ნახევარში მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტებისგან და კარგად გადაამოწმეთ ინფორმაცია, რადგან ინტერნეტსივრციდანაც მოიმატებს დეზინფორმაციის ალბათობა.

ქალწული – თქვენი ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალია, ამიტომ ძალიან ნუ გადაიღლებით. იშრომეთ, იმუშავეთ, თუმცა ზედმეტი გადაწვის გარეშე, რათა გადაღლილობის ფონზე სერიოზული შეცდომები არ დაუშვათ. კვირის პირველი ნახევარი, 10 ივნისის ჩათვლით, გაცილებით პროდუქტიული და ეფექტურია, ვიდრე მეორე ნახევარი. პირველ ნაწილში თქვენი პროფესიონალიზმი მეტად იქნება დაფასებული და შემჩნეული გარშემომყოფთა თუ ხელმძღვანელობის მხრიდან. პერიოდი საუკეთესოა შემოქმედებითი მუშაობისა და საინტერესო პროექტების დაწყებისათვის. თუმცა, 10 რიცხვის შემდგომ, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ პარტნიორულ ურთიერთობებში, თანამშრომლობასა და ნებისმიერ კოლექტიურ საქმიანობაში. გარკვეულ გამოცდებს გადის ასეთი ტიპის ურთიერთობები, თუმცა, თუკი მოახერხებთ ბარიერების გადალახვას, ესეც შეიძლება გახდეს თქვენი წარმატების ფაქტორი. გაითვალისწინეთ, კვირის მეორე ნახევარში თქვენი წარმატება ძალიან ბევრს არ მოეწონება, გააქტიურდებიან მოშურნეები, ამიტომ ეცადეთ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ ხელმძღვანელ პირებთან, მაქსიმალურად დააზღვიოთ საკუთარი თავი შეცდომების დაშვებისგან და ამრიგად, აირიდოთ დამატებითი პრობლემები.

სასწორი – კვირის პირველი ნახევარი, 10 რიცხვის ჩათვლით, საკმაოდ კარგი და ბევრად უფრო წარმატებულია, ვიდრე მეორე ნახევარი. ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია მგზავრობის, მოგზაურობის, სწავლისა თუ სულიერი განვითარებისათვის. ამ დროს თქვენში მატულობს შეუპოვრობა და დასახული მიზნების მიღწევის შესაძლებლობა. კვირის პირველი ნახევარი ასევე მეტად სასიკეთოა უცხოელებთან კონტაქტის, პარტნიორული თანამშრომლობისა და უცხო ენების ათვისების კუთხით. აი, 10 რიცხვის შემდეგ კი მეტად იჩენს თავს სხვადასხვა სირთულეები. მოსალოდნელია, რომ საკუთარ პრინციპებს გადაუხვიოთ ან ნაჩქარევი ქმედებებისა და სულსწრაფობის ნიადაგზე სერიოზული შეცდომები დაუშვათ. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა კონფლიქტების ალბათობამაც მოიმატოს, რის გამოც თავს ვეღარ იგრძნობთ ისე თავისუფლად, როგორც მანამდე.

მორიელი – თქვენგან პირველ რიგში ჯანმრთელობის მიმართულებით არის საჭირო განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა. გაითვალისწინეთ, რომ ფარულ მტრებს არ სძინავთ, რის გამოც იმატებს ჭორებისა და ინტრიგების ალბათობა, ამიტომ ნუ გათქვამთ საკუთარ საიდუმლოებებს. მაქსიმალურად გამოიყენეთ კვირის პირველი ნახევარი, რადგან 10 რიცხვის ჩათვლით წარმატების გაცილებით მეტი შანსი გაქვთ, კვირის მეორე ნახევარი კი ბევრად რთული იქნება. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტად დაეყრდენით საკუთარ ინტუიციას, რადგან მასზე მინდობით გაცილებით სწორ არჩევანს გააკეთებთ და ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ. კვირის მეორე ნახევარში კატეგორიულად მოერიდეთ ყოველგვარ რისკიან ქმედებას – არანაირი რისკი, ყველგან და ყველაფერში მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. ნუ აჰყვებით ზედმეტი სიამოვნების მიღების მიდრეკილებას, რადგან ამან შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ახალი, დამატებითი პრობლემები წარმოშვას.

მშვილდოსანი – თქვენი ენერგოტონუსი საკმაოდ მაღალია. მთელი კვირის განმავლობაში იქნებით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, კომუნიკაბელური, გონებამახვილი და ნამდვილი ლიდერი. ფრიად მატულობს თქვენი ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, რის გამოც კვირის პირველ ნახევარში წარმატების შანსები მეტად მაღალია – იქნება ეს კარიერული განვითარების, ბიზნეს საქმიანობის, მეგობრული, პარტნიორული თუ სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით. თუმცა, 10 რიცხვის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. აქტიურდებიან მოშურნეები, რის გამოც ინტრიგებისა და ჭორების ალბათობა საკმაოდ მაღალია. პრობლემებმა შესაძლოა იჩინონ თავი პარტნიორულ ურთიერთობებშიც, როგორც პირად, ისე საქმიან ჭრილში. აქედან გამომდინარე, კვირის მეორე ნახევარში შეეცადეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ და გაუფრთხილდეთ არსებულ კავშირებს.

თხის რქა – წარმატების მეტი შანსი კვირის პირველ ნახევარში გაქვთ, ამიტომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენეთ ეს პერიოდი. თუმცა, მთლიანობაში გახსოვდეთ, რომ ამ კვირაში თქვენი ჯანმრთელობა არამდგრადია, რის გამოც ნუ გადაიღლებით, მოერიდეთ გაცივებას და შეეცადეთ საკუთარ თავს მეტი დასვენების საშუალება მისცეთ. 10 რიცხვის შემდგომ წინა პლანზე მეტად წამოიწევს ფინანსური პრობლემები და საგრძნობლად მოიმატებს ფულის ხარჯვის აუცილებლობა. ასევე, მატულობს სხვების მხრიდან მოტყუების ალბათობაც. შესაძლოა დაძაბული სიტუაციები შეგექმნათ პარტნიორებთან და მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობაც, რაც თქვენში თვითშეფასების კრიტერიუმს შეამცირებს. ამიტომ, კვირის მეორე ნახევარი განსაკუთრებული სიფრთხილით გაიარეთ.

მერწყული – მთლიანობაში თქვენი ენერგოტონუსი მაღალია – ხართ აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი. იღბლიანობის კოეფიციენტიც საკმაოდ მაღალია, ასე რომ, ამ კვირაში ყოველგვარი წარმატების მიღწევის შანსი ნამდვილად გაქვთ. ეს განსაკუთრებით ეხება კვირის პირველ ნახევარს, 10 რიცხვის ჩათვლით. ამ პერიოდში მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში, რადგან მატულობს ურთიერთგაგების კრიტერიუმიც და მეტად ახერხებთ სხვა ადამიანების გაგებას. პერიოდი შესანიშნავია სასიყვარულო და შემოქმედებითი კუთხით, იმატებს ურთიერთგაგება შვილებთან და რომანტიკული თავგადასავლებიც ძალიან მაღალ დონეზე იქნება. ავლენთ ლიდერულ თვისებებს, მზად ხართ საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობები და გამოიჩინოთ ინიციატივა. ეს დრო ასევე კარგია ქორწინებისთვის. თუმცა, კვირის მეორე ნახევარში სხვადასხვა სირთულეები წამოვა. 10 რიცხვის შემდეგ შეცდომების დაშვების ალბათობა ბევრად უფრო მაღალია, ამიტომ მაქსიმალურად მოერიდეთ ზედმეტ ფინანსურ ხარჯებს. სირთულეები მოსალოდნელია სასიყვარულო პარტნიორებთანაც კი, რის გამოც კვირის მეორე ნახევარში მეტი ტაქტი და დიპლომატია გმართებთ.

თევზები – კვირის პირველი ნახევარი, 10 რიცხვის ჩათვლით, მეტად გამოიყენეთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ჯანმრთელობა მთელი კვირის განმავლობაში არამდგრადი გაქვთ, ამიტომ ზედმეტად ნუ გადაიღლებით. საქმიანი კუთხით კვირის პირველი ნაწილი ბევრად უფრო სტაბილურია, რაც საშუალებას მოგცემთ საინტერესო ინვესტიციები წარმატებით განახორციელოთ. კონტაქტებიც მეტად სასიკეთო იქნება – შესაძლოა გამოჩნდნენ ახალი ადამიანები, რომლებთანაც ჩამოაყალიბებთ ახალ სასიყვარულო კავშირებს და რომელთა ძალისხმევაც თქვენთვის ფრიად წარმატებული აღმოჩნდება. კვირის მეორე ნახევარი გაცილებით რთულია. იძაბება ურთიერთობები ახლობლებთან, ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან. შესაძლოა თავი იჩინოს ფინანსურმა სირთულეებმაც. თქვენმა არაპრაგმატულმა აზროვნებამ და მოქმედებამ შესაძლოა შეცდომები დაგაშვებინოთ. ადვილად ნუ მიენდობით ადამიანებს, რადგან ეს შესაძლოა თქვენს საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული. გარდა ამისა, მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო პრობლემების წამოჭრაც.

გეომაგნიტური დღეები – ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ შემდეგ გეომაგნიტურ დღეებში: 8, 9, 12 და 14 ივნისს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები