თელავში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. ambebi.ge-ს ცნობით, ორსულის გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ.
ისინი აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება ექიმების დაუდევრობამ და გულგრილობამ გამოიწვია.
გარდაცვლილის მეგობრების განცხადებით, ორსული კლინიკაში მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა ორი კვირის განმავლობაში ზუსტი დიაგნოზი ვერ დაადგინეს.
„მოკლეს დაუდევრობით… 6 თვის ორსული იყო. მუცლის ტკივილით შეიყვანეს კლინიკაში და ორი კვირა ვერ გაიგეს, რა ჭირდა. ექიმთან რომ მივიდა, უთხრეს, მოჩვენებითი ტკივილი გაქვსო. წამოვიდა უკან, რის შემდეგაც ნაწლავი გაუსკდა და სეფსისი დაემართა…“ – აღნიშნავს გარდაცვლილის მეგობარი.
ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს.
„2 წელი არ ჰყავდა შვილი, ახლა დაორსულდა, ისეთი ბედნიერი იყო და რა დამართეს. როგორც ვიცით, 1 კვირა მკვდარი ბავშვი უტარებია მუცლით. ექიმებს უთქვამთ, შარდის ბუშტის ანთებააო, და ამ დროს მთელი ორგანიზმი მოეწამლა“, – აცხადებს ერთ-ერთი ახლობელი „კვირის პალიტრასთან“.
