LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: ხანგრძლივი ფინანსური პრობლემები ტვინის დაბერებას აჩქარებს

107
ქირიას NEWS შაბლონი (8)

ხანგრძლივმა ფინანსურმა სირთულეებმა შესაძლოა ტვინის დაბერების პროცესი დააჩქაროს – ასეთ დასკვნამდე ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მკვლევრები მივიდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც წლების განმავლობაში დაბალი შემოსავალი ჰქონდათ ან მუდმივ ფინანსურ სტრესში იყვნენ, საშუალო ასაკში კოგნიტიურ ტესტებში უარეს შედეგებს აჩვენებდნენ და მოგვიანებით ტვინის ჯანმრთელობის გაუარესების ნიშნებიც აღენიშნებოდათ.

მეცნიერებმა გააანალიზეს 2 759 ადამიანის მონაცემები, რომლებიც მონაწილეობდნენ ბრიტანეთის ხანგრძლივ კვლევაში – MRC National Survey of Health and Development. მონაწილეების ფინანსური მდგომარეობა ათწლეულების განმავლობაში ფასდებოდა, მათ შორის 26, 43 და 53 წლის ასაკში.

კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც მუდმივი ფინანსური სირთულეები ჰქონდათ, 53 წლის ასაკში უფრო დაბალ შედეგებს აჩვენებდნენ მეხსიერებისა და ინფორმაციის დამუშავების სისწრაფის ტესტებში. იმ მონაწილეებს შორის კი, რომლებმაც ტვინის MRI კვლევა გაიარეს, მუდმივი დაბალი შემოსავალი მოგვიანებით ტვინის მოცულობის შემცირებასთან იყო დაკავშირებული.

მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა ერთჯერადი ფინანსური კრიზისი, არამედ წლების განმავლობაში დაგროვილი სტრესი. მათი თქმით, მუდმივმა ფიქრმა ფულზე, გადასახადებზე და ყოველდღიურ ფინანსურ პრობლემებზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ტვინის მუშაობაზე და გაზარდოს კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითების რისკი.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ფინანსურ სირთულეებსა და ტვინის ჯანმრთელობას შორის კავშირი უფრო ძლიერი იყო მამაკაცებში, ბავშვობაში რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე ადამიანებსა და მათში, ვისაც ალცჰაიმერის დაავადების გაზრდილ რისკთან დაკავშირებული APOE-ε4 გენეტიკური მუტაცია ჰქონდა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ შედეგები არ ნიშნავს, თითქოს ფინანსური პრობლემები პირდაპირ იწვევს ტვინის დაბერებას, თუმცა ისინი მიუთითებს, რომ სიღარიბის შემცირება და ადამიანების ფინანსური მხარდაჭერა შესაძლოა მომავალში დემენციის შემთხვევების შემცირებას დაეხმაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები