პოლონელმა მოცურავემ ბარტლომეი კუბკოვსკიმ მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ბალტიის ზღვა შვედეთიდან პოლონეთამდე გაჩერების, ძილისა და ნავზე ასვლის გარეშე გადაცურა.
კუბკოვსკიმ დაახლოებით 160 კილომეტრიანი მარშრუტი 55 საათსა და 10 წუთში დაფარა. მთელი ამ დროის განმავლობაში ის წყლიდან არ ამოსულა, მხოლოდ თანმხლები ჯგუფი აწვდიდა საკვებსა და სითხეს ისე, რომ მოცურავე ნავს არ შეხებია.
ეს წარმატება მისთვის მარტივად არ მოსულა. რეკორდამდე მისვლას ოთხი წარუმატებელი მცდელობა უძღოდა წინ, რომლებიც უამინდობის, ძლიერი დინებებისა და ფიზიკური გადაღლის გამო შეწყდა. საბოლოოდ, მეხუთე მცდელობა ისტორიული აღმოჩნდა.
მოცურავემ გადალახა ცივი წყალი, ძლიერი ტალღები, ხანგრძლივი უძილობა და უკიდურესი ფიზიკური დატვირთვა. ხანგრძლივი ცურვის გამო მას ჰალუცინაციებთან გამკლავებაც მოუწია, თუმცა ფინიშამდე მისვლა მაინც შეძლო.
სპორტულ მიღწევასთან ერთად, კუბკოვსკის პროექტს საქველმოქმედო მიზანიც ჰქონდა. რეკორდული ცურვის ფარგლებში მან თანხები შეაგროვა Cancer Fighters Foundation-ისთვის, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. კამპანიის შედეგად თითქმის 190 ათასი დოლარი შეგროვდა.