გურამ დადიანიძის დედის, სოფო ბიბილაშვილის განცხადებით, სოფელ მლეთაში ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად გამოირიცხა, რომ 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭი მეწყერმა მოიყოლა.
„ყველაფერი გააკეთეს, ყველგან გადაატარეს, სკანერიც, მძიმე ტექნიკაც შემოიყვანეს, ჭაც შემოწმდა, არაფერი ისეთი არ არის. ძალიან გახარებული ვარ. გამოირიცხა, რომ მეწყერში არ მოყოლილა ბავშვი, იმედია ცოცხალია და ვიპოვნი”, – ამბობს სოფო ბიბილაშვილი „ტვ პირველთან“.
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო.
