კაილი მინოუგმა ავსტრალიური Vogue-ის სექტემბრის ექსკლუზიური ნომრის გარეკანი დაამშვენა.
ფოტოსესიისთვის, რომელიც ლაკლან ბეილიმ გადაიღო, კაილიმ არაერთი ავანგარდული იმიჯი მოირგო.
ჟურნალისთვის რამდენიმე განსხვავებული გარეკანი მომზადდა. ერთ-ერთ ალტერნატიულ გარეკანზე ის Connor Ives-ის მაისურითა და Chanel-ის სათვალით პოზირებს, ხოლო ციფრული ვერსიისთვის Jean Paul Gaultier-ის კუტიურ კოლექციაშია გამოწყობილი. ფოტოსესიის სტილზე პირადად ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, კრისტინ ჩენტენერამ იზრუნა.
ჟურნალის ეს გამოცემა განსაკუთრებულია, რადგან ტრადიციული ინტერვიუს ნაცვლად, პოპ-დივას კითხვებს მისი ცნობილი მეგობრები, კოლეგები და ოჯახის წევრები უსვამენ. მათ შორის არიან: ნიკოლ კიდმანი, მარგო რობი, ტროი სივანი, რიტა ორა და მისი და, დანი მინოუგი.
ინტერვიუში მინოუგი ყურადღებას ამახვილებს თავის ხანგრძლივ კარიერაზე, მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებულ წნეხსა და მუდმივ ტრანსფორმაციაზე. მარგო რობის კითხვაზე, თუ რა არის მისი წარმატების საიდუმლო, არტისტმა აღნიშნა, რომ ეს არის „ადაპტაციის უნარი და მუსიკისადმი უზომო სიყვარული“.