უელსის პატარა საპორტო ქალაქ, პორთქოლში, ახალი, დრამატული ფილმის გადაღებები მიმდინარეობს, რომლის მთავარ გმირებს – კაილი მინოუგი და კვენტინ ტარანტინო განასახიერებენ. ეს უკანასკნელი ეკრანზე მსახიობის ამპლუაში მოგვევლინება.
კინოსურათს, რომელიც ეკრანებზე 2027 წელს გამოვა, Tangled Up in Blue ჰქვია და მას ჯეიმი ადამსი იღებს.
ფილმი, რომლის სახელწოდებაც ბობ დილანის 1975 წლის საკულტო სიმღერით არის შთაგონებული, მოგვითხრობს შოუბიზნესის ლეგენდების მენეჯერზე, ჯეიკ სტრაუდზე, რომელიც იძულებულია საკუთარ წარსულსა და გრძნობებს თვალი გაუსწოროს.
პროექტით უკვე ინტერესდებიან კინოკრიტიკოსები, რადგან რეჟისორი, ჯეიმი ადამსი ცნობილია თავისი უნიკალური სტილით. ის მსახიობებს სრულ თავისუფლებას აძლევს და სცენებს წინასწარ დაწერილი დიალოგების გარეშე, სრული იმპროვიზაციით იღებს.
მინოუგისა და ტარანტინოს გარდა, ფილმში ასევე ვიხილავთ ჯეისონ აიზეკსს, ელისონ უილიამსსა და რეპერს – RZA.