დანიაში უფროსკლასელებისთვის ახალი წესები ამოქმედდა, რომელთა მიზანიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გადაწერის შეზღუდვაა. მოსწავლეებს სახლში შესრულებული წერითი ნამუშევრების ზეპირად დაცვა მოუწევთ, ხოლო წერითი გამოცდების დროს სკოლები კომპიუტერის ეკრანების მონიტორინგს გააძლიერებენ.
ახალი წესები განსაკუთრებით შეეხება SSO-ს, მნიშვნელოვან შემაჯამებელ წერით ნაშრომს, რომელსაც დანიაში ყოველწლიურად დაახლოებით 9 ათასი უფროსკლასელი ასრულებს. ნაშრომის ზეპირი დაცვა მასწავლებლებს საშუალებას მისცემს, შეამოწმონ, ნამდვილად თავად დაწერა თუ არა მოსწავლემ ტექსტი და რამდენად კარგად იცის მისი შინაარსი.
დანიის განათლების სამინისტრომ ცვლილებების აუცილებლობა სკოლებში ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გადაწერის გახშირებით ახსნა. ახალი მიდგომის მიხედვით, სკოლებს ასევე ურჩევენ, მეტი წერითი დავალება უშუალოდ კლასში ჩაატარონ, სადაც მასწავლებელი მოსწავლის მუშაობის პროცესს აკვირდება და მისი ცოდნის შეფასება უფრო ზუსტად შეუძლია.

ცვლილებები მხოლოდ ზეპირი გამოცდებით არ შემოიფარგლება. წერითი გამოცდების დროს სკოლებს კომპიუტერების გამოყენების მონიტორინგი და ინტერნეტზე წვდომის შემზღუდველი სპეციალური ფილტრების გამოყენებაც მოუწევთ.
დანია თანდათან ქაღალდზე ჩატარებულ გამოცდებსაც უბრუნდება. გასულ წელს ინგლისურის გამოცდაზე მოსწავლეებს პასუხების დაწერა უკვე ხელით მოუწიათ. 2028 წლის ზაფხულიდან უცხო ენების წერითი გამოცდების ნაწილი სრულად ან ნაწილობრივ ანალოგიურ ფორმატში ჩატარდება. გადაწყვეტილება ესპანური ენის გამოცდის ექსპერიმენტის შემდეგ მიიღეს, რომლის დროსაც სამინისტრომ დაასკვნა, რომ ხელით შესრულებული დავალებები მოსწავლეების რეალური ცოდნის შეფასებასა და გადაწერის შესაძლებლობის შემცირებას უწყობს ხელს.