LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ინტერვენციული კარდიოლოგი, ინგა ბოჭორიშვილი გადაცემაში „პულსი“

1746
ინგა-ბოჭორიშვილი

რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“, ინტერვენციული კარდიოლოგი, ინგა ბოჭორიშვილი სტუმრობდა. საუბრის თემა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, გულსისხლძარღვთა დაავადებებს შეეხო. სტუმარმა ისაუბრა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციაზე, დროულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობის გზებზე.

რას ნიშნავს შორს წასული გულსისხლძარღვთა დაავადება და თქვენი დაკვირვებით რატომ ხვდებიან ექიმთან პაციენტები დაგვიანებით?

მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის პულსზე გიჭირავთ ხელი. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ გულსისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ერთ- ერთი წამყვანია სიკვდილიანობის მიზეზთა შორის. კარდიოლოგიაში დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროგრესი მნიშვნელოვანია, თუმცა დღეს მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დაავადების დეტექცია. დაგვიანებით გამოვლენილი და შორსწასული დაავადების დიაგნოსტირება უკვე გულისხმობს იმას, რომ აქ მხოლოდ ერთი დაავადება არ არის ჩართული ამ პროცესში და მასში მონაწილეობს რამდენიმე სხვა დაავადება, რისკფაქტორები და ასე შემდეგ. გამოვყოფ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც პაციენტები არ აქცევენ ყურადღებას, ან აქცევენ და უგულებელყოფენ ექიმთან მიმართვას.

ზოგადად ონკოლოგიური პრობლემების შემთხვევაში სტიგმატიზაციას ძალიან დიდი როლი მიუძღვის, ამ შემთხვევაში თქვენთან გაცილებით უკეთ არის თითქოს და არ არის სტიგმატიზირებული გულსისხლძარღვთა დაავადებები?

თითქოს არ არის, მაგრამ აქ სხვა ფაქტორები შემოდის. მაგალითად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებაში გავრცელებული იყო და არის წარმოდგენები და მართალიც არის, რომ გულის იშემიური დაავადება ძირითადად ვლინდება მკერდის ძვლის უკან ძლიერი მოჭერით, დაწოლით, ტკივილით, მაგრამ ძირითადად ეს სიმპტომები უფრო მეტად განსაზღვრული იყო მამაკაცთა პოპულაციით და ისტორიულად ასეთი კვლევები უფრო ტარდებოდა მამაკაცებში და მამაკაცებს ძირითადად ახასიათებთ ეს ტკივილები.

კარდიოლოგთა საზოგადოებამ ვიცით, რომ ეს წარმოდგენა არ არის სრულყოფილი და არსებობს ისეთი სიმპტომები, რომლებიც განსხვავდება მკერდის ძვლის უკან მოჭერისგან და ასე შემდეგ. ეს სიმპტომებია: ქოშინი, ადვილად დაღლა, ტოლერანტობის დაქვეითება ფიზიკური დატვირთვის მიმართ. შესაძლებელია ეს გამოვლინდეს ქვედა ყბის ტკივილით, ცივი ოფლით, ტკივილით ეპიგასტრიუმის არეში და ასე შემდეგ და ეს სიმპტომები ძალიან ხშირად ყურადღების მიღმა რჩება განსაკუთრებით ქალებში, დიაბეტის მქონე პაციენტებსა და ხანდაზმულ ინდივიდებში.

ამის მიზეზი ის არის, რომ პაციენტი ვერ აღიქვამს სიმპტომს გულის იშემიურ დაავადებად, მეორე მიზეზია ის, რომ ვერ ითავისებენ ამ რისკფაქტორებს. მაგალითად სიგარეტის მოწევას, ჰიპერლიპიდემიას, შაქრიან დიაბეტს, გენეტიკურ ფაქტორს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

მაგალითად, ათეროსკლეროზი, რომელიც იწყება საკმაოდ ახალგაზრდა ასაკიდან და კვლევებმა როგორც დაადგინა დღეს-დღეობით შესაძლოა ბავშვობიდან იყოს დეტექტირებული ლიპიდური სპექტრის მოშლა, ამიტომ სხვადასხვა რისკფაქტორის პრევენციისთვის დღეს მოწოდებულია, რომ ახალგაზრდა ასაკიდან მოხდეს ამ დაავადების დიაგნოსტირება.

ასევე ვერ ვგრძნობთ შაქრიან დიაბეტს მანამ, სანამ ის რაღაც ორგანოს არ დააზიანებს. შესაბამისად არტერიული ჰიპერტენზია, რომელსაც შესაძლოა იმ მომენტში პაციენტი ვერ გრძნობდეს, თანდათან მოხდეს მისი მაღალ და მაღალ ეტაპებზე გადასვლა და შესაბამისად პაციენტს უკვე რაღაც გარკვეული პერიოდი აქვს ორგანოების დაზიანების პროცესი დაწყებული და ან შუა და ან ბოლო ეტაპზე მოგვმართავს, მაშინ როდესაც ძალიან შეაწუხებს პაციენტს რომელიღაცა სიმპტომი, რომელიც რომელიმე ორგანოს დაზიანების გამო შეაწუხებს. მესამე კი არის პროფილაქტიკური შეფასების შინაარსის ვერ გათავისება, ამას ჩვენი მოსახლეობა არა აქცევს სატანადო ყურადღებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა უნარ-ჩვევას უნდა თავიდანვე გამომუშავება. იმ უნარ-ჩვევასაც თუ როგორ უნდა მივხედოთ ჩვენს საკუთარ თავს არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის იმ თვალსაზრისით. სამწუხაროდ მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი ვერ უზრუნველყოფს არადა ძალიან მნიშვნელოვანია ადრეულ სტადიაზე დეტექცია, რომელიც გაცილებით ადვილი მოსავლელია, ეკონომიურია და გაცილებით უფრო მეტად შევინარჩუნებთ ორგანოთა ფუნქციას, ვიდრე შორს წასულ ფორმებს, სადაც უკვე ორგანოები მნიშვნელოვნად დაზიანებულია და ჩვენ მხოლოდ ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო არ გაღრმავდეს მისი პროგრესი. სამწუხაროდ უკუგანვითარება ძალიან ბევრი პროცესის რა თქმა უნდა ამ ეტაპზე უკვე შესაძლებელი არ არის, უკვე შეუქცევადი შეიძლება იყოს.

რეალურად გულსისხლძარღვთა დაავადებით ქალი და მამაკაცი პაციენტები განსხვავდებიან სიმპტომო-კომპლექსით, მკურნალობის ეფექტურობით, პროგნოზით და ასე შემდეგ… მოდით, გავმიჯნოთ რა სხვაობაა ქალებსა და მამაკაცებს შორის ამ შემთხვევაში?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გულსისხლძარღვთა დაავადებების გამოვლინებას და მკურნალობას განსაკუთრებით ქალებში. ძირითადი კვლევები მამაკაცების შემადგენლობით ტარდებოდა, ამიტომ სტანდარტიზაცია მოხდა არასწორად. ძალიან დიდი განსხვავებაა როგორც ბიოლოგიური, ასევე რისკფაქტორი გამოსავლის თვალსაზრისით მამაკაცებსა და ქალებს შორის. თუ მამაკაცებს ადრეული ასაკიდან ახასიათებთ მაგალითად ათეროსკლეროზული დაავადებების პროგრესირება, ქალებში ეს ცოტა უფრო გვიან მიმდინარეობს, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ. გულსისხლძარღვთა დაავადებების თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო ნიუანსებია, რომელიც განასხვავებს ამ ორ სქესს ერთმანეთისგან. მაგალითად ქალებს შაქრიანი დიაბეტით, გაცილებით უფრო მაღალი რისკი აქვთ კარდიოვასკულური განვითარების ალბათობის ვიდრე მამაკაცებს, თუნდაც ერთსა და იმავე ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ შაქრიანი დიაბეტის სიხშირე მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში.

მნიშვნელოვანია ის, რომ გულსისხლძარღვთა დაავადებების თვალსაზრისით მამაკაცებს უფრო აღენიშნებათ ობსტრუქციული კორონარული სისხლძარღვების დაზიანება, როდესაც დიფუზურად, კრიტიკულად შევიწროებულია გულის მკვებავი სისხლძარღვები, მაშინ როდესაც ქალებს უფრო აღენიშნებათ მიკროვასკულური დისფუნქცია, კორონარული სპაზმი. ასევე მნიშვნელოვანია ორსულობის პროცესი ქალის ორგანიზმისთვის, გესტაციური დიაბეტი, გესტაციური ჰიპერტენზია, ეკლამფსია, რომლებიც ათწლეულის შემდეგ მნიშვნელოვნად ზრდის ქალებში კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების რისკს. მნიშვნელოვანია ამ დროს დიაგნოსტიკის კრიტერიუმები. მაგალითად, თუ ჩვენ კორონარულ არტერიებს ვაფასებთ კორონოგრაფიით და ვხედავთ, რომ იქ დახშულია სისხლძარღვი, ვამბობთ რომ კორონარული არტერია არის დაზიანებული, რის შედეგადაც თქვენ გაქვთ გულის იშემიური დაავადება, შესაბამისად არ იკუმშება გულის კუნთი, იქიდან გამომდინარე, რომ დახურულია ან შევიწროებულია, მაგრამ ძალიან ხშირად ყოფილა ქალებში, როდესაც შეგვიღებავს კორონარული არტერიები და ვუყურებთ, რომ სისხლძარღვები, რომლებიც ჩვენთვის ხილვადია არ არის მნიშვნელოვნად დაზიანებული, მაგრამ პაციენტს აქვს ტკივილი, ტიპური ან ატიპიური სიმპტომი და ამ დროს გამავლობა აბსოლუტურად ნორმა, ამ შემთხვევაში უფრო ვიხრებით მიკროვასკულური დისფუნქციისკენ, რომელიც ძალიან ხშირი არის მდედრობითი სქესის ინდივიდებში. ამას განსაკუთრებით სხვანაირი მკურნალობა სჭირდება და შესაბამისად კიდევ არსებობს დამატებითი ტესტები, რომლებიც დაადასტურებს ან გამორიცხავს მიკროვასკულური დისფუნქციის არსებობას.

ძალიან მნიშვნელოვანია აშრევება ანუ სპონტანური დისექცია ქალებში, განსაკუთრებით ორსულობის შემდეგ, რომელიც ასოციაციაშია ჰორმონებთან და ჰორმონების პიკი იწვევს ენდოთელიუმის დაზიანებას, აშრევებას და აქ უკვე მკურნალობის მეთოდიც სხვანაირია.

საინტერესოა კორონარული სისხლძარღვების მიმართულებით ონკოპაციენტების თემა, მათი მკურნალობა და გულსისხლძარღვთა დაავადებების პრობლემა, რამდენად არის ერთმანეთთან კორელაციაში და თუ არის რაღაც კავშირი?

საინტერესო თემაა, შედარებით უფრო ახალი მიმართულებაა ონკოკარდიოლოგია, რაც მოიტანა ჩვენმა რეალობამ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი პრეპარატები შეიქმნა ონკოპაციენტებისთვის და დღეს ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე არსებობს, ამ მკურნალობამ გარკვეული გვერდითი ეფექტები ნამდვილად გამოავლინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიკამენტები, რომლებიც სხივური თუ ქიმიური თერაპიის თვალსაზრისით გამოიყენება ამ პაციენტებთან.

მათ აქვთ კარდიო-ტოქსიურობის მაღალი ხარისხი და ამის გათვალისწინებით აუცილებლად ყველა პაციენტს რომელთაც ჰქონდათ ანამნეზში ონკოლოგიური დაავადება ან აქვთ და იტარებენ მკურნალობას, აუცილებლად საჭიროებენ კარდიოლოგის მეთვალყურეობას და რატომ? – ძალიან ხშირად ეს მედიკამენტები აზიანებენ სისხლძარღვების ენდოთელიუმს.

ეს არის შიგნითა შრე, რომელიც არის საკმაოდ აქტიური, მეტაბოლური სტრუქტურა, რომელიც გამოყოფს ძალიან ბევრ ნივთიერებებს, რომელიც არეგულირებს სისხლძარღვების დილატაციას, შევიწროებას. ეწინააღმდეგება თრომბების წარმოქმნას. ამიტომ ხშირია ამ პაციენტებში ენდოთელიუმის დაზიანებით მიმდინარე კორონარული სპაზმი. მაღალი რისკია კორონარული თრომბოზების განვითარების, ისევე როგორც ათეროსკლეროზის, ანთების საფუძველზე მიმდინარე სხვადასხვა პროცესები. შესაძლებელია კარდიომიოციტებიც დაზიანდეს და განვითარდეს მიოკარდიტი გარკვეული პრეპარატების განვითარების შემდეგ. ამას ინდივიდუალურად სჭირდება განხილვა და რისკის შეფასება. აუცილებელია გაიზარდოს ონკოპაციენტებში ცნობადობა, რომ მათ შესაძლოა ჰქონდეთ მაღალი რისკი გულსისხლძარღვთა დაავადებებისა. 8,9, 10 წლის განმავლობაში შესაძლოა პაციენტებში იმ დაზიანებების გამოვლინება მოხდეს, რომელიც მათმა ონკოლოგიურმა პრეპარატებმა გამოიწვია. ამიტომ მნიშვნელოვანია მუდმივი მონიტორინგი. თუ პაციენტი შეამოწმებს თუნდაც წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, თავიდან ავიცილებთ შორს წასულ ფორმებს, რომელსაც ჩვენ მერე სამწუხაროდ პრაქტიკულად ვეღარ ვმკურნალობთ.

ხშირად არასწორად არის აღქმული კონკრეტულ პრეპარატებთან და მედიკამენტებთან დაკავშირებით ინფორმაცია და ხშირად ხდება მკურნალობის უეცრად, თვითნებურად შეწყვეტა მეგობრებისა და ახლობლების რეკომენდაციების გათვალისწინება. ზოგადად თვითმკურნალობა განსაკუთრებით პრობლემურია საქართველოში და განსაკუთრებით თქვენს დარგში, ამასთან დაკავშირებით რა შეიძლება, რომ გვითხრათ, რამდენად გამოუსწორებელ შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ერთის მხრივ, თვითნებურად მიღებულმა ან შეწყვეტილმა მკურნალობამ?

აქტუალური და საკმაოდ მტკივნეული კითხვაა, კონკრეტულად ერთი ფაქტორი არ არსებობს, აქ არის მეგობრის რჩევა, უნდობლობა ექიმისადმი, უნდობლობა წამლისადმი ან ფინანსური პრობლემები. ყველაზე მტკივნეული ეს არის, ვიდრე მაშინ, როცა არაპროფესიონალის რჩევას ითვალისწინებს პაციენტი და შესაბამისად საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას აგდებს საფრთხეში.

რაც ჩვენს დარგში არის აქტუალური, ეს არის ანტიაგრეგაციული მკურნალობის შეწყვეტა. ან მთელი ცხოვრება და უზომოდ გაგრძელება იმ თვალსაზრისით, რომ ჰგონიათ, რომ ეს უსაფრთხოა და დაიცავს სისხლძარღვს და მეორეა ქოლესტერინის დამაქვეითებელი პრეპარატის შეწყვეტა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. რაც შეეხება ანტიაგრეგაციულ თერაპიას, ჩვენ როდესაც ვმკურნალობთ კორონარულ სისხლძარღვებს და ვახდენთ სტენტის იმპლანტაციას, სტენტი ორგანიზმისთვის და განსაკუთრებით სისხლძარღვის კედლისთვის არის უცხო სხეული და არის მაღალი რისკი, ალბათობა, რომ ეს დაითრომბოს. ამისთვის რამდენიმე ფაქტორს ვბლოკავთ, რომ არ წარმოიქმნას თრომბი და არ მოხდეს სისხლძარღვის ოკლუზია, მაგრამ ამას აქვს გარკვეული ხანგრძლივობა. ერთი წელი არის ოპტიმალური, მაგრამ იქიდან გამომდინარე თუ რა რისკები აქვს პაციენტს ამის მიხედვით წყვეტს ექიმი, როგორ უნდა მოიქცეს და პაციენტმა რამდენი ხანი უნდა მიიღოს ეს პრეპარატი, ამიტომ თვითნებური შეწყვეტა ან მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი გახანგრძლივებული მიღება იწვევს ან თრომბოზის ან სისხლდენების მაღალ რისკს.

რაც შეეხეა ანტილიპიდურ მკურნალობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიურია და ჩვენს მსმენელს ვურჩევ, რომ არავის რეკომენდაციით, არანაირი ვიდეოჩანაწერებით, არანაირი მეზობლის რეკომენდაციით არ გარისკონ საკუთარი ჯანმრთელობა, ვირაცის რაღაცა პრესტიჟის ან მოწონებების დაგროვება. ძალიან მნიშვნელოვანი არის, მით უფრო, როდესაც მაღალი რისკის პაციენტები არ იღებენ ლიპიდების დამაქვეითებელ პრეპარატებს, ისინი საფრთხეს უქმნიან თავიანთ ორგანიზმს, რომ სისხლძარღვები მიიყვანონ იმ მდგომარეობამდე, რომ მერე უკვე მათ არარაფერი აღარ ეშველოთ, ანუ ექიმი უძლური ხდეება ძალიან ხშირად იმ დაზიანებების წინაშე, რომელსაც ისინი საკუთარ თავს განუხორციელებენ.

ამიტომ ანტილიპიდური მკურნალობა გადამწყვეტია შაქრიანი დიაბეტის დროს, ასევე როდესაც მაღალია ქოლესტერინი, ოჯახური ჰიპერლიპიდემიის დროს, განსაკუთრებით კორონარული არტერიების დაავადების და დაავადების მკურნალობის შემდეგ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, თუ ეს დაავადებები პაციენტს აღენიშნება ჩვენი უმორჩილესი თხოვნა იქნება, ექიმის გარეშე არ შეწყვიტოთ არანაირი პრეპარატი.

თუ რაღაც სტატინი თქვენთან იწვევს კუნთის ტკივილს, ან სხვა გვერდით ეფექტებს, არსებობს სხვა ლიპიდდამაქვეითებელი პრეპარატები, რომლებსაც განსხვავებული აქტივობა აქვთ და შესაბამისად ეფექტურად მკურნალობენ ამ დაავადებას, როგორც სტატინები, ნუ სტატინი პირველი რიგის პრეპარატია, შესაბამისად ამით ვიწყებთ. რა ტქმა უნდა პაციენტთან თანამშრომლობით ვაკეთებთ იმას, რომ შევქმნათ ჯანსაღი, ტკივილის გარეშე, თავისუფალი შრომისუნარიანი მომავალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები