LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ითვლება შემოდგომა პილინგებისთვის ხელსაყრელ პერიოდად – სილამაზის აკადემია

153
თეონა-თეთრუაშვილი

შემოდგომა კანის მოვლისა და განახლებისთვის აქტუალური პერიოდია. ზაფხულის შემდეგ აწუხებს პიგმენტური ლაქები, კანის არათანაბარი ტონი, უხეში ტექსტურა და დაკარგული ბზინვარება. ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ესთეტიკური ცენტრ, Misel-ის დირექტორმა და მთავარმა სპეციალისტმა, თეონა თეთრუაშვილმა ისაუბრა.

რატომ ითვლება შემოდგომა პილინგებისთვის ხელსაყრელ პერიოდად?

შემოდგომაზე ულტრაიისფერი გამოსხივება ნაკლებად ინტენსიურია, ვიდრე ზაფხულში, ამიტომ ზოგიერთი პილინგის ჩატარება ამ პერიოდში უფრო მოსახერხებელია. თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება შემოდგომაზეც მოქმედებს კანზე.

პილინგი მხოლოდ სეზონური პროცედურა არ არის,მისი შერჩევა დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე, ფოტოტიპზე, პიგმენტაციის რისკსა და კონკრეტული პროცედურის სიღრმეზე. ზაფხულის შემდეგ კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჯერ შევაფასოთ კანი და შემდეგ გადავწყვიტოთ, რა ტიპის განახლება სჭირდება მას.

რა არის მარჯნის პილინგი და რით განსხვავდება კლასიკური ქიმიური პილინგისგან?

მარჯნის პილინგი არის კანის განახლების პროცედურა,პროდუქტი არის 100% ნატურალური და არის ქიმიური პილინგის ალტერნატივა.

მისი მოქმედება უკავშირდება კანის ზედაპირული ფენის მექანიკურ სტიმულაციასა და აქერცვლის პროცესს.

ქიმიური პილინგებისგან განსხვავებით, რომლებიც კანზე ქიმიური ნივთიერებების საშუალებით მოქმედებს, მარჯნის პილინგი შეიცავს ზღვის წყალმცენარის მარჯნის ნაწილაკებს და ამის ხარჯზე ხდება კანის აქერცვლა და რეგენერაციის პროცესი.

რა პრობლემების დროს შეიძლება იყოს მარჯნის პილინგი ეფექტური?

მარჯნის პილინგის გამოყენება შესაძლებელია ისეთი პრობლემების დროს როგორიც არის:

  • კანის არათანაბარი ტექსტურია
  • გაფართოებული ფორები
  • პოსტაკნე ნაწიბურები
  • ლაქები
  • კანის ტონის გათანაბრება

შედეგი დამოკიდებულია პროცედურის ინტენსივობასა და კანის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

ვის არ ვურჩევდით მარჯნის პილინგს და რა რისკები უნდა გავითვალისწინოთ?

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა. მარჯნის პილინგი ყველასთვის შესაფერისი არ არის. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:

  • მგრძნობიარე ან გაღიზიანებულ კანზე
  • როზაციის დროს
  • აქტიური დერმატიტის დროს
  • დაზიანებული კანის ბარიერის დროს
  • ანთებითი პროცესის დროს და პიგმენტაციისკენ მიდრეკილი კანის შემთხვევაში

ასევე, პროცედურა შესაძლოა არ იყოს მიზანშეწონილი აქტიური ჰერპესული ინფექციის ან კანის სხვა აქტიური ინფექციის დროს.

შესაძლო არასასურველი რეაქციებია:

  • სიწითლე
  • წვა
  • გაღიზიანება
  • ხანგრძლივი აქერცვლა და პიგმენტაციის გაძლიერებაც კი

ამიტომ პროცედურამდე აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია და კანის შეფასება.

რამდენად მტკივნეულია მარჯნის პილინგი და რამდენ ხანს გრძელდება აღდგენის პერიოდი?

ეს დამოკიდებულია კონკრეტულ პრობლემაზე და პროცედურის ინტენსივობაზე.

პროცედურის დროს შესაძლოა იგრძნობოდეს ჩხვლეტა, წვა ან სითბოს შეგრძნება, ხოლო შემდგომ დღეებში: კანის დაჭიმულობა, სიწითლე და აქერცვლა.

ზოგჯერ მარჯნის პილინგის შემდეგ აქერცვლა უფრო შესამჩნევია და აღდგენას რამდენიმე დღე შეიძლება დასჭირდეს. ამიტომ არასწორი იქნება დაპირება, რომ ყველა შემთხვევაში მარჯნის პილინგი სწრაფი აღდგენით ხასიათდება.

თუ მნიშვნელოვანი ღონისძიება გაქვთ დაგეგმილი, პროცედურა ბოლო წუთამდე არ გადადოთ. წინასწარ გაარკვიეთ სპეციალისტთან, რამდენი დრო დასჭირდება კანს აღსადგენად და როდის შეძლებთ ჩვეულ რუტინასთან დაბრუნებას.

რა უნდა გავაკეთოთ მარჯნის პილინგის შემდეგ, რომ შედეგი შევინარჩუნოთ?

პროცედურის შემდგომი მოვლა შედეგის მნიშვნელოვანი ნაწილია. პირველ რიგში, აუცილებელია მზისგან დაცვა, ყოველდღიურად ფართო სპექტრის SPF 50 ან მეტი, ხოლო გარეთ ყოფნისას მისი განახლება პროდუქტის ინსტრუქციის შესაბამისად.

ასევე, საჭიროა კანის ნაზი გაწმენდა და დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება. დროებით უნდა შევზღუდოთ რეტინოიდები, მჟავები, სკრაბები და სხვა გამაღიზიანებელი პროდუქტები, სპეციალისტის მითითების მიხედვით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ ავიძროთ აქერცლილი კანი და არ ვცადოთ მისი ხელით მოცილება. ამან შესაძლოა გაახანგრძლივოს შეხორცება და გაზარდოს ნაწიბურებისა და პიგმენტური ლაქების რისკი.

როგორ გავიგოთ, გვჭირდება მარჯნის პილინგი თუ სხვა ტიპის პილინგი?

ჩემი მთავარი რჩევაა, პროცედურა მხოლოდ ტრენდის ან სხვისი დადებითი გამოცდილების საფუძველზე არ ავირჩიოთ.

აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია, თქვენი კანის ტიპისა და პრობლემის მიხედვით უნდა იქნას შერჩეული პროცედურა, რომელიც იმ მომენტში თქვენს კანს ჭირდება და დაგეხმარებათ კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები