საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია, ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებას, რომ „საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ“ ეხმაურება.
ძალიანაც ნუ შეიცხადებთ ეპისკოპოსების პოლიტიკაში ჩარევაზე, თქვენი ჭირიმე… ამჟამინდელი პატრიარქი რომ შევარდნაძესთან ხელგადახვეული და მოცინარი იჯდა პარლამენტში, როცა ქვეყანაში სისხლის ტბები დააყენეს და როცა ხალხი რუსთაველზე დააჩოქა იმ ნაძირალასთვის, მაშინ ეს პოლიტიკა არ იყო?!
ჩემი პატივისცემა მეუფე პეტრეს – სიმართლის თქმისთვის – წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ მითი საბოლოოდ დაიმსხვრა. როგორც მეუფე განმარტავს, 27 დეკემბერს სინოდის სხდომის დაწყების წინ მან მოითხოვა, ე.წ. ციანიდის საქმე განეხილათ, მას “რეპლიკებით უთხრეს”, რომ ამ საკითხზე სხვა თემების ამოწურვის შემდეგ გადავიდოდნენ, თუმცა, როგორც მეუფე ამბობს, სხდომაზე დეკანოზის საკითხი არავის განუხილავს.
