სიცილიის კუნძულზე ქალაქ სამბუკაში გორაკზე, ათობით სახლი 1 ევროდ იყიდება. ამის შესახებ ქალაქის მერის მოადგილემ ჯუზეპე კაჩიოპომ СNN-თან განაცხადა.
ინიციატივა ქალაქის ხალხისგან დაცლის შეჩერებისთვის ხორციელდება.
შეთახმების მიხედვით, ვინც სახლს იყიდის, ვალდებული იქნება მოუაროს რეგიონს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დეპოპულაციას განიცდის. ადგილობრივები უფრო მსხვილ ქალაქებში გადადიან საცხოვრებლად.
ვალდებულების აუცილებელი ნაწილია რემონტიც, რომელიც ახალმა მფლობელმა 3 წელიწადში უნდა გააკეთოს 15 ათას ევროდ. ასევე, აცუილებელია დეპოზიტზე დამატებით 5 000 ევროს ქონა. თანხას რემონტის დასრულების შემდეგ დაუბრუნებენ.
„სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, რომლებმაც მსგავსი განცხადებები პოპულარობისთვის გააკეთეს, ჩვენთან ნამდვილად იყიდება სახლები 1 ევროდ. ჩვენ არ ვიქნებით შუამავლები სახლის ძველ და ახალ მფლობელებს შორის. გინდათ ეს სახლი, მიიღებთ უმალვე,“ – განაცხადა სამბუკის მერის მოადგილემ ჯუზეპე კაჩიოპომ.

მისივე თქმით, მყიდველები იმედგაცრუებული არ უნდა დარჩნენ, რადგან ქალაქი სამბუკა ბრწყინვალე ადგილია.
“ეს ნაყოფიერი მიწა, დედამიწის სამოთხეა. ჩვენი ქალაქი განლაგებულია ბუნების შუაგულში და შეფუთულია ისტორიით. საოცარი პლაჟები, ტყეები და მთები, რომლებიც გარს აკრავს ქალაქს, სიმშვიდეს უზრუნველყოფს. ასევე, იდეალური ადგილია განტვირთვისა და დეტოქსიკაციისთვის,” – აღნიშნავს ქალაქის მერი.
ჯუზეპე კაჩიოპოს თქმით, ქალაქს სჭირდება უცხოელები იმისთვის, რომ არ გაუკაცრიელდეს.
