თაკო დოლაბერიძეს საზოგადოება იცნობს, როგორც ივენთ-მენეჯერს, თუმცა ცხოვრების განმავლობაში ბევრ მისთვის უცნობ საქმეს შეჭიდებულია და წარმატებისთვისაც მიუღწევია.
ახლახან კი სასტუმროების მართვის საქმით დაინტერესდა და მთაწმინდაზე მდებარე სასტუმრო „ადამოს“ მენეჯმენტი აიღო საკუთარ თავზე. ფიქრობს, რომ საინტერესო საქმიანობას მოჰკიდა ხელი და აქაც წარმატების იმედი აქვს.
თაკო დოლაბერიძე:
ეს სფერო, სასტუმროების ბიზნესი, იგივე მომსახურების სფეროა და ახლოს არის სარესტორნო ბიზნესთან. სხვათა შორის, სულ მაინტერესებდა და არასდროს მეზარებოდა, რომ დამეწყო მუშაობა და მესწავლა. რადგან შემომთავაზეს, გადავწყვიტე, რომ სამუშაო რეჟიმში ავითვისო. მგონია, შევძლებ ამ საქმეშიც აღმოვჩნდე წარმატებული. ზოგადად, სულ მაინტერესებს ახალი რაღაცები. ჩემი მეგობრები მანიაკს მეძახიან. მეკითხებიან, რა ეტაპამდე შეიძლება ისწავლოო. ბევრი რამ წინ მიდის, ვითარდება, არის ბევრი სიახლე, რაც მე მაინტერესებს. ახალ საქმეში ძალიან მონდომებული ვარ და ვნახოთ, რა გამომივა.
საქმეს რომ იღებ, ბოლომდე ხარ ჩართული?
თუ საქმეს ხელს ვკიდებ, სხვისთვის დავალება არ მიყვარს. თუკი საქმე უნდა გამოვიდეს, მირჩევნია, მასში თავიდან ბოლომდე თავად ჩავერთო. თუკი არ ვარ, ხელს არ ვკიდებ, გამოცდილებამ მანახა, რომ ისე არასდროს გამოვა, როგორც მე მინდა.
შენ რომ დაიწყე სარესტორნო ბიზნესში მუშაობა, ქალი ბევრი იყო?
არც ქალი იყო ბევრი და არც კაცი. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ამ სფეროში ფინანსისტად მოვხვდი. მაშინაც არ ვიცოდი არაფერი, ქვის ხანა კი იყო, მაგრამ ბევრი რამ ვისწავლე. კომპიუტერიც არ არსებობდა. არც კონკურენცია იყო, თბილისში სულ ორი-სამი ადგილი იყო, სადაც ადამიანები შეიძლებოდა წასულიყვნენ.
ვფიქრობ, იმ წლებმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. მართალია, ბნელოდა, მაგრამ ვისწავლე ბევრი რამ. გავიცანი უამრავი ადამიანი, რომელთაგან ბევრი მომყვება. პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, გავიდა 20 წელი და ამ ადამიანებთან მეგობრობაც მაკავშირებს, ზოგს ბავშვი მოვუნათლე და ა.შ. სულ ვცდილობ, რომ ისინი გულნატკენი არ დავტოვო და რაღაც არასწორად არ გავაკეთო.
ქალი რომ ხარ, ამ სფეროში რაში გიშლის ხელს ან გიწყობს?
ხელს არაფერში მიშლის. ალბათ, ხელის შეშლა ისაა, რომ ჩემი პირადისთვის არასდროს მცალია. თავიდან ბოლომდე ვარ ჩაფლული საქმეში, რომელიც ძალიან მიყვარს. რომ არ მიყვარდეს, ვერც გავაკეთებდი. შემიძლია, ყველაფერი გადავდო, ხელი ვკრა და ამას მივხედო. შეჯიბრებაში რომ მონაწილეობ და გინდა გაიმარჯვო, ზუსტად ასეთი განცდა მაქვს.
ძალიან ბევრჯერ დავიწყე თავიდან… ზოგ შემთხვევაში პარტნიორებთან არ გამოვიდა ურთიერთობა, საქართველოში ხომ იცი, როგორ არის, უნდათ, ბიზნესი აუწყო და მერე მონაწილეობა აღარ მიიღო… ძალიან ადვილად ვტოვებ იმ სამსახურს, სადაც ვგრძნობ, რომ ცუდად იქცევიან. ჩემი თავის იმედი სულ მაქვს. ვიცი, რომ ყოველთვის შემიძლია ავაწყო სხვა საქმე ისე, როგორც მე მინდა.
საქმეში შენთვის უღალატიათ?
კი, ბევრჯერ. ძირითადად, გავეცლები ხოლმე და კონტაქტი აღარ მაქვს. შურისძიება არ ვიცი არასდროს, არც სამსახურებრივად და არც პირადში. არ მიყვარს ასეთი მიდგომა. გულშიც არ მაქვს არაფერი, ყველას მოეკითხება, მათ შორის, მეც, თუკი ცუდად მოვიქცევი. სხვათა შორის, დაკვირვებული ვარ, ვინც ცუდად მომექცა, არავინ სწორ გზაზე არ იარა შემდეგ.
ბევრი შეცდომა დაგიშვია?
საბედისწერო შეცდომაა, როცა საქმეს აკეთებ, სხვას არ უნდა გადააბარო და არ ენდო. ბევრ ადამიანთან მიმუშავია და რომ მგონია, რომ როგორც მე არ ვიტყუები და ცუდს არაფერს გავაკეთებ, ისევე არ მოიქცევა სხვაც, ასე არ აღმოჩნდა. დავრჩენილვარ მოტყუებული, მაგრამ მივმხდარვარ. თუმცა მაქვს მოთმინების დიდი უნარი და არ მიყვარს ადამიანებთან ცუდად დაშორება. კულტურულად ვშორდები, ასე ვთქვათ.
ერთ-ერთი ცნობილი ივენთმენეჯერი ხარ. სახელი როგორ გაიკეთე ამ ბიზნესში?
სკოლიდან მოყოლებული, ყოველთვის მე ვიყავი ყველაფრის ორგანიზატორი. ინსტიტუტშიც ჯგუფხელი გახლდით. მერე ჩემი მეგობრები გათხოვდნენ და მათი ქორწილების ორგანიზება საკუთარ თავზე ავიღე. ჰობი გადავიდა ბიზნესში და ზუსტად მეოცე წელია, ვცდილობ, ივენთები კარგად გავაკეთო (იღიმის).
რაიმე მოთხოვნას დამკვეთის მხრიდან გაუკვირვებიხარ?
კი, გავუკვირვებივარ არაერთხელ. ერთ-ერთ დამკვეთს ჰქონდა ასეთი მოთხოვნა – თვითმფრინავით უნდა მიფრენილიყო მამაკაცი საყვარელ ქალთან და მისთვის თვითმფრინავიდან ვარდები კიბით უნდა მიერთმია. ეს არ იყო პრობლემა, მაგრამ ამ ყველაფრის ორგანიზება ლარნახევრად უნდოდათ და არ გავაკეთე. ეტყობა, წარმოიდგინეს, რომ საკუთარი თვითმფრინავი მყავდა.
ბევრი უცნაური მოთხოვნა მომისმენია, მაგრამ მერე მიჯერებენ ხოლმე და უარს ამბობენ.
შენ გიკეთებენ ხოლმე სიურპრიზებს?
ჩემს ცხოვრებაში ბევრი სიურპრიზი ყოფილა. ბოლოს ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ რადგან ყველაფერს მე მავალებენ და არსად სტუმარი არ ვარ, სულ ორგანიზებას ვუწევ, გიგლა თუმანიშვილმა მთხოვა, შეხვედრაზე გავყოლოდი, ერთ ადგილას მიმიყვანა, მუსიკა უკვე ისმოდა… რომ შევედი, ყველა ჩემი მეგობარი იყო შეკრებილი. ამ დღეს დაარქვეს თაკოს დღე…
როცა აღნიშნე, რომ პირადისთვის არ გცალია, ეს შენი სურვილი თუ ასე დალაგდა?
მგონია, რომ ჩემი სურვილია, რადგან თუ სხვანაირად გინდა, დაალაგებ. ასე მომწონს ალბათ.
არავისზე გეფიქრება?
სულ მეფიქრება (იღიმის), მაგრამ ძალიან მიჭირს, საკუთარი თავი წარმოვიდგინო ოჯახურ გარემოში. თავისუფალი ადამიანი ვარ. ვერ წარმომიდგენია, რომ გათხოვილი ვიყო. კითხვას – „სად ხარ“? ვერ ვიტან. არ მიყვარს, ამას რომ მეკითხებიან. მეც არ ვსვამ ზედმეტ კითხვებს და სხვებისგანაც იმავეს ვითხოვ. ალბათ, 20 წლის ვიყავი, ბოლოს რომ მკითხეს, სახლში როდის მოხვალო. დედაჩემი სულ მეკითხება, როდემდე უნდა იყო ასეო, მაგრამ მომწონს ის რეჟიმი, რითაც ვცხოვრობ. კვირაში ერთი დღე მაქვს, როცა მთელი დღე მძინავს. გუშინ მქონდა ასეთი დღე.
ძალიან დიდი სამეგობრო გყავს…
ორ სკოლაში ვსწავლობდი, მერე ინსტიტუტი, დავდიოდი ყველანაირ წრეზე, თუკი რაიმე არსებობდა. ძალიან კარგია ამდენი მეგობარი, მაგრამ ვფიქრობ, დიდი პასუხისმგებლობაცაა და გულისტკენებიც. ბოლო წლებში ზედმეტი ურთიერთობებისგან თავს ვიკავებ. სხვანაირად შევხედე ადამიანებს და სხვანაირად დავინახე. მეგობრობასა და ურთიერთობასაც განსხვავებულად ვუყურებ.
როგორ ადამიანთან არ იმეგობრებ?
ბოროტთან და შემხვედრია ბევრი ბოროტი ადამიანი. რაღაც მომენტში შეინიღბება, მაგრამ თავის სახეს მაინც გამოაჩენს ბოლოს.
შური გიგრძნია?
წონა რომ დავიკელი, ქუჩაში მოვდიოდი. ჩემთვის აბსოლუტურად უცხო ადამიანმა, გოგომ გამაჩერა. მეგონა, ვიცნობდი… ვერ მივხვდი, იმდენ ხალხს ვიცნობ, დავიბენი. რაღაც უნდა გითხრათ, თუ შეიძლებაო. საერთოდ არ გიხდებათ წონაში დაკლებაო. ძალიან დამწყდა გული… დიდი ბოდიში, მაგრამ მე იმიტომ არ დამიკლია, რომ მოდელი გავმხდარიყავი-მეთქი, ვუპასუხე. ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას – არა.
საქმეშიც ბევრჯერ ყოფილა შურის მომენტი და ძალიან კორექტულად გავწეულვარ გვერდზე.
ჩვენ ახლა იმ სასტუმროში ვართ, რომლის მმართველიც გახდი. აქაც მოაწყობ საინტერესო ივენთებს?
მაქვს ძალიან დიდი გეგმები და იდეები. ჯერ თავში მიტრიალებს, მგონი, ეს ზაფხული დიდ დასვენებას ვერ მოვასწრებ, ბევრი საქმე მაქვს და ძალიან მიხარია (იღიმის).
ფოტო: დათუნა აგასი
გადაღების ადგილი: სასტუმრო „ადამო“
ნინო მურღულია