LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიჭვების 90% უმძიმეს მდგომარეობაშია – რა გეგმა აქვს მერიას ხეების გადარჩენისთვის? [ფოტოები]

195
fichvebi

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ფიჭვების დაავადებისა და მავნებლების აღმოსაფხვრელად ბრძოლას განაგრძობს, რაც ხე-მცენარეების წამლობას და ფოტო-სანიტარიულ ჭრას გულისხმობს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქალაქში არსებული ფიჭვების 90% უმძიმეს მდგომარეობაშია.

„ჩვენდა სამწუხაროდ, ის დაავადება, რომელიც ამ ფიჭვებს აქვთ, გადამდებია. ეს სერიოზული პრობლემაა და მგონია, რომ მხოლოდ თბილისს არ ეხება, რადგან სხვადასხვა რეგიონშიც გვაქვს ანალოგიური პრობლემა. გული შეგიწუხდებათ როგორ მდგომარეობაშია ხეები, პარაზიტები ბუდობენ მათში და უმძიმესი მდგომარეობაა“, – განაცხადა კახა კალაძემ და გამხმარი, დაავადებული ფიჭვების ფოტოებიც წარმოადგინა. 

ეკოლოგიური კატასტროფა დედაქალაქში - "მალე თბილისში ერთი ხე აღარ დარჩება"

ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში 3 კვ.მ მწვანე საფარი მოდის. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ქრება ლურჯი ცა ქალაქის თავზე და მწვანე საფარი ქალაქში. უკონტროლოა როგორც ხეების ჭრა, ასევე დარჩენილი მცენარეების მოვლა-პატრონობა. გარემოს დამცველები ამბობენ, რომ დედაქალაქი ეკოკატასტროფის წინაშე დგას. დაავადებულია ჭადარი, ცაცხვი კატალპა და თითქმის ყველა წიწვოვანი. “პარტიზანი მებაღე” ნატა ფერაძე ამბობს, რომ დედაქალაქში ეს პრობლემა […]

თბილისის მერმა განმარტა, რომ დაავადებულ მცენარეს გარეგნულად არაფერი ეტყობა, თუმცა ქერქის შიგნით პარაზიტების თვალსაზრისით, უმძიმესი მდგომარეობაა.

დედაქალაქში ფიტო-სანიტარიული ჭრების პროცესის მიმდინარეობის შესახებ სრული ინფორმაცია საზოგადოებას მერის მოადგილე მაია ბითაძემ მიაწოდა.

„მდგომარეობა ძალიან მძიმეა. პრობლემა არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში დგას. ეს დაავადება 1990-იანი წლებიდან გავრცელდა, თუმცა სამწუხაროდ, არასწორი პრეპარატების გამოყენება და შეწამვლა ხდებოდა, ტარდებოდა სოკოს საწინააღმდეგო ღონისძიებები, რაც  აბსოლუტურად არაეფექტური იყო. ეს დადასტურდა იმ კვლევებით, რომელიც ჩვენმა ესპანელმა პარტნიორებმა გაგვიკეთეს. შესაბამისად, მთლიანად ვცვლით დამოკიდებულებას. მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის უპრეცედენტო შესყიდვას ვიწყებთ უახლოეს დღებში, რომელიც მომავალი სამი წლის განმავლობაში, ფიტო-სანიტარიული ღონისძიებების თვალსაზრისით, სრულიად ახლებურ მეთოდებს დაამკვიდრებს. მთელი თბილისის ურბანული გარემო ფიჭვების კუთხით უკვე დაყოფილია რამდენიმე უბნად. ყველაზე მთავარია, რომ ადგილებზე განვათავსოთ ფერომონები და დაავადება ვმართოთ. არსებული დაავადებული ხეები მთლიანად ამოღებული იქნება გარემოდან, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დაავადების გავრცელების მარშრუტი დავადგინოთ, რისი რესურსიც სამწუხაროდ, არათუ თბილისს, ქვეყანას არ აქვს. შემოგვაქვს მკურნალობის ახალი საშუალებები – ინექციები, რომელიც საქართველოში ჯერ არ გამოყენებულა. ვფიქრობ, რომ ის სამწლიანი შესყიდვის ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის ამ პრობლემას არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ჭრები, ასევე, დარგვის ღონისძიებები“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

 

აქვე, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემა და გამოწვევაა ქალაქისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

მისივე თქმით, მერიის მიერ დაწყებული პროექტის განხორციელების შედეგად,  ის ფიჭვები, რომელთა წამლობაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, გადარჩება, ხოლო დაავადებული ხეები მოიჭრება, რათა სხვა, ჯანსაღი ნარგავებიც არ დააზიანოს. მერმა ასევე განმარტა, რომ ჭრების პარალელურად, დედაქალაქში ახალი ხეები დაირგვება.

 

ნახეთ ასევე: ეკოლოგიური კატასტროფა დედაქალაქში – “მალე თბილისში ერთი ხე აღარ დარჩება”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g