თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიურია, რადგან ისრაელს, ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ტერორიზმთან ბრძოლის უამრავწლიანი ისტორია აქვს.
აეროპორტის ტერიტორიაზე დაცვის უპრეცედენტო ზომებია მიღებული, ამოწმებენ ავტომანქანებს, მძღოლებს, მგზავრებს, მანქანის საბარგულს.
შენობაში შესულ მგზავრს კი დაცვის სამსახური უამრავ კითხვას უსვამს – თვითონ შეკრა თუ არა საკუთარი ბარგი, ვის შეიძლებოდა ჰქონოდა წვდომა გზაში მის ჩანთებთან და არის თუ არა შესაძლებლობა, მგზავრის პირად ნივთებთან ერთად ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაედო ვინმეს.
ამასთან, დაცვის სამსახური ინტერესდება, ისრაელში ყოფნის პერიოდში ვისთან ერთად გადაადგილდებოდა ვიზიტორი, ინიშნავენ მათ სახელებს და გვარებს, ამ ყველაფრის შემდეგ კი ბარგს საგულდაგულოდ ამოწმებენ, საჭიროების შემთხვევაში ჩანთას ხსნიან და პირად ნივთებს ათვალიერებენ. ასეთ დროს მგზავრი ბარგის აღების შემდეგ ჩანთაში პოულობს წერილს, სადაც დაცვის სამსახური “აღიარებს”, რომ ჩანთა გაჩხრიკეს და ამისთვის ბოდიშს იხდიან.
საფრთხის შემცველი პოლიტკორექტულობა
უსაფრთხოების ასეთი ზომები მგზავრების უმეტესობას დისკომფორტს უქმნის, თუმცა ერთ-ერთ რუსულ ტელეკომპანიასთან საუბარში ბენ-გურიონის ყოფილი დირექტორი ზეევ სარიგი ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომები მთელმა მსოფლიომ უნდა გააძლიეროს :
„პირველი, რაც ახლა ამერიკისა და ევროპის ქვეყნების აეროპორტებში დაცვის სამსახურებმა უნდა გააკეთონ – უნდა დაივიწყონ პოლიტკორექტულობა! თუ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მოსახლეობის ჯგუფი, რომელთა შორის, როგორც წესი, ბევრი ტერორისტია, მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. პრობლემა იმაშია, რომ ამერიკასა და ევროპაში შიშობენ, რომ არ დაადანაშაულონ რასიზმსა თუ სხვა დისკრიმინაციაში და ამიტომ ყველას ერთნაირად ამოწმებენ – იქნება ეს მფრინავი, თუ ჩვეულებრივი მგზავრი. ეს კი არა მხოლოდ სისულელე, არამედ ადამიანური რესურსის ფუჭი ფლანგვაა,“ – აცხადებს სარიგი.
დაუცველი აეროპორტები
შენობაში შესვლამდე ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ს აეროპორტების უმეტესობაში მგზავრებს არ ამოწმებენ, შესაბამისად, შეიარაღებულ ტერორისტებს აეროპორტში შესვლა საზღვრის გადაკვეთამდე თავისუფლად შეუძლიათ. დეტექტორი არ არის დამონტაჟებული არც ბრიუსელის აეროპორტში, სადაც ორი თვითმკვლელი მესამე, თანმხლებ პირთან ერთად შევიდა და გამგზავრების დარბაზში თავი აიფეთქა.
მომხდარმა, როგორც ჩანს, ევროპა კიდევ უფრო მეტად დააფიქრა – Die Welt ევროკავშირის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისიას აეროპორტების შესასვლელში კონტროლის დაწესება სურს.
„ეს საჭიროა, ვინაიდან ყველა ვიზიტორი აეროპორტში შესვლამდე შემოწმდება. ინდივიდუალური შემოწმება სირთულეებთან და ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ უსაფრთხოების მხრივ ეს დადებითი შედეგის მომტანი იქნება“, – ამბობს წყარო.
უსაფრთხოების ზომები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იმ იშვიათი აეროპორტების რიცხვშია, სადაც შენობაში დეტექტორზე შემოწმების გარეშე ვერ შეხვალთ. ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შემდეგ კი შსს-მ უსაფრთხოების ზომები ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში კიდევ უფრო გაამკაცრა, პირად შემადგენლობას ჩაუტარდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი.
„საკონტროლო-გამტარი პუნქტების მუშაობა აეროპორტებში, სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე არსებული ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსების სრული და ეფექტური გამოყენებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია. შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მაქსიმალურად აკონტროლებს სახელმწიფო საზღვრის ე.წ. მწვანე ზოლს,“– ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თინათინ კაკიაშვილი