ჟურნალ „თბილისელებთან“ ცნობილი კარდიოლოგი, ანზორ მელია თავისი შვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას შესახებ საუბრობს.
„2012 წელს დილით ადრე ავდექი, საკუთარი კალმისტრით წავედი არჩევნებზე და ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“. სახლში რომ მოვედი, ნიკას ვუთხარი, აი, დღეს გეტირებათ ყოფა-მეთქი. მეორე დღეს, როდესაც გამოცხადდა, რომ ოცნება უკვე გამარჯვებული იყო, ნიშნის მოგებით დავუწყე საუბარი, ისე, მე რომ არ მეკადრებოდა. ძალიან ვიჩხუბეთ. ეს იყო ის შემთხვევა, როცა ჩვენ პოლიტიკის გამო საშინლად ვიჩხუბეთ. მაშინ მითხრა, მამა ხარ, ამის გამო ხომ არ მოგკლავო? (იცინის). იმ დღეს მითხრა, თუ რას დააშავებდა ბიძინა ივანიშვილი, პუნქტებად ჩამომითვალა, ყველაფერი გამოიცნო და ასე მოხდა კიდეც. ერთადერთი, კანაფის თემა ვერ მოიფიქრა, ან რა მოაფიქრებდა“, აღნიშნა ანზორ მელიამ ჟურნალისტთან საუბრისას.
როგორც ანზორ მელია იხსენებს, ძალიან მკაცრი მამა იყო – „ნიკა წესიერად გავზარდეთ, წესიერად გაზრდილ ბიჭს კი უჭირს ცხოვრება. როცა გარეთ სხვა სამყაროში ხვდება, უამრავ „ჟულიკთან“ უწევს ურთიერთობა. ჩვენ არ გვიფიქრია ნიკას პოლიტიკურ კარიერაზე“, დასძენს ცნობილი ექიმი.
მისივე თქმით, მისი ვაჟი ფეხბურთზე გიჟდებოდა და ოთახში დიდი ხანი კახი კალაძის პლაკატი ჰქონდა გამოკრული – „კალაძე ისე უყვარდა, როდესაც ის ფეხბურთელი იყო, ოთახში მისი სურათი ეკიდა“.
„თბილისელების“ რესპონდენტი ამბობს, რომ უკანასკნელ მძიმე პერიოდში ნიკას მეუღლის მამამ ძალიან ინერვიულა – „მაიას მამამ ისე ინერვიულა, ჩემთან მოხვდა. ჩემს მძახალს გულზე ოპერაცია გავუკეთეთ და გადავარჩინეთ“.