2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავის წინ, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან წარმოადგენს მორიგ უკანონო მცდელობას, მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია და დააკანონოს საკუთარი კონტროლი ოკუპირებულ რეგიონებზე – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა, პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრის შესახებ.
მისი თქმით, რუსეთის მსგავსი მცდელობების მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციას.
კონსტანტინიდი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების არაღიარების პოლიტიკას. ეს კი, მისი თქმით, თვალსაჩინოდ აისახება როგორც ცალკეული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ საჯარო განცხადებებსა და დოკუმენტებში, ასევე მათ ქმედით ნაბიჯებში.
რუსეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბას სოჭში შეხვდა. მათ ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.
შეხვედრაზე პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთში დაგეგმილი ე.წ. არჩევნები დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდება. ხაჯიმბამ კი პუტინს მადლობა გადაუხადა იმ „ყურადღებისთვის, რომელსაც რუსეთი აფხაზეთის მიმართ იჩენს“.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართება.