LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავები, რომლებმაც დონალდ ტრამპს მათი ჰიტების გამოყენება აუკრძალეს

136
queen-trump

ლეგენდარული ბრიტანული ბენდის, Queen-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აშშ-ის პრეზიდენტი აიძულა „ტვიტერის“ საკუთარი გვერდიდან აეღო ვიდეო, რომელშიც ის ჯგუფის 1977 წლის ჰიტს, „We will rock you”-ს იყენებს.

ვიდეოში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის „ტვიტერის“ გვერდზე განთავსდა და რომელიც წაშლამდე 1.7 მილიონმა ადამიანმა ნახა, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლას ფონად „We will rock you“ გასდევდა.

როგორც ჯგუფის წარმომადგენელმა განმარტა, ვიდეოს განთავსებამდე ჯგუფისათვის არ უთხოვიათ ნებართვა კომპოზიციის გამოყენებაზე მაშინ, როდესაც „Queen”-ს უკვე ჰქონდა ნათქვამი უარი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებისათვის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებული კამპანიისას ბენდის სიმღერების გამოყენების უფლების მინიჭებაზე.

ლეგენდარული ბენდისა და დონალდ ტრამპის გზები ადრეც გადაიკვეთა. 2016 წელს ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე ტრამპის მიერ სიტყვით გამოსვლის წინ Queen-ის კიდევ ერთი ჰიტის, „We are The Champions”-ის გამოყენებას ჯგუფის წევრების პროტესტი მოჰყვა, რომელთა განცხადებითაც მათ არ სურდათ, რომ ბენდის სახელი რომელიმე პოლიტიკოსთან, პარტიასთან ან მეინსტრიმულ მოძრაობასთან ყოფილიყო ასოცირებული.

Queen-ის გარდა დონალდ ტრამპმა მსოფლიო მუსიკის კიდევ ერთი ლეგენდის, პრინცის ოფიციალური წარმომადგენლები გაანაწყენა მას შემდეგ, რაც მინესოტაში გამართულ შეხვედრაზე მისი გამოსვლისას მუსიკოსის მეგა-ჰიტი, “Purple Rain” გაჟღერდა.

პრინცის წარმომადგენლების განცხადებით მას შემდეგ, რაც 2016 წელს, ჯერ კიდევ ტრამპის  წინასაარჩევნო კამპანიისას „Purple Rain”-ის გამოყენების შემდეგ მათ პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლებს საპროტესტო განცხადებით მიმართეს, მიიღეს პირობა, რომ დონალდ ტრამპის არც ერთ პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე  პრინცის შემოქმედება აღარ იქნებოდა გამოყენებული.

პრინცისა და Queen-ის წარმომადგენლების გარდა, სხვადასხვა დროს დონალდ ტრამპის შტაბს ან ადმინისტრაციას პოლიტიკურ ღონისძიებებზე მათი მუსიკის გამოყენების შეწყვეტისაკენ  R.E.M-მა, ნილ იანგმა და Aerosmith-მაც მოუწოდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g