კორონავირუსმა ქართველ მუსიკოსებს მსმენელთან, დიდ თუ მცირე დარბაზებში შეხვედრის ყველანაირი საშუალება ჩამოართვა. მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო უცხოელი ვარსკვლავები თაყვანისმცემლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ და კონცერტებს სოციალური ქსელების საშუალებით შინიდან უმართავენ.
პირველი, ვინც ქართველ მუსიკოსებს მსგავსი პრაქტიკის განხორციელების საშუალება მისცა, მუსიკოსების, სალი შუბითიძისა და შაკო ღელეყვას იდეით შექმნილი გვერდი “არტიდეპრესანტია“, რომელმაც ფუნქციონირება 15 მარტს დაიწყო სოფო ბათილაშვილის, ზვიად ბოლქვაძისა და “ნიუტონის” კონცერტით, რომელიც “არტიდეპრესანტის” გვერდის საშუალებით კლუბ 10/11-დან გადაიცა.
აღსანიშნავია, რომ კლუბში მხოლოდ მუსიკოსები იყვნენ შეკრებილები. შემდეგი ლაივი ამავე გვერდზე, რამდენიმე დღის შემდეგ ვიხილეთ, როცა მსმენელის წინაშე, ასევე დისტანციურად, წარდგა ჯგუფი “ირიაო”.
პარალელურად, მუსიკოს ბექა მესტვირიშვილის იდეით, “არტიდეპრესანტს” დაემატა ახალი რუბრიკა, “27 გრადუსი”, სადაც მუსიკოსებს სახლებიდანაც შეუძლიათ ლაივების კეთება – ამგვარი კონცერტები უკვე მოვისმინეთ სანდრო კვაჭაძის, სოფი ვილის, შოთა ადამაშვილის და ჯგუფის Asea Sool შესრულებით.
“ლენო რეკორდსის” ორგანიზებით ასევე დისტანციური კონცერტი, ხმის ჩამწერი სტუდიიდან, Leno Sessions-ის ახლად შექმნილი გვერდის საშუალებით, გამართეს ნინო ქათამაძემ, ასევე ჯგუფმა Outsider და 22 მარტს ამავე არხის საშუალებით საკუთარ მსმენელს შეხვდება Loudspeakers.
“პირველი არხის” მუსიკალური გადაცემა “აკუსტიკა” ქართველ მუსიკოსებს საკუთარ სოცქსელებს უთმობს ასევე შინიდან კონცერტების ტრანსლირებისთვის. ჰეშტეგით “სახლიდან” და დევიზით – “მუსიკა არღვევს საზღვრებს” “აკუსტიკის” საშუალებით მსმენელს სასიამოვნო საათები გაატარებინეს პიანისტმა გიგი ჭიპაშვილმა (პიანომენი), მებო ნუცუბიძემ, პანჩომ.
კონცერტების სერიები გრძელდება და ამ გვერდებზე კიდევ ანონსდება ახალ-ახალი პერფორმანსები.
თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მუსიკოსთა დიდი ნაწილი ამჟამად შემოსავალს მოკლებულია და ისმის მოწოდებები იმასთან დაკავშირებითაც, რომ მსმენელმა თუნდაც მცირე თანხით გაუწიოს მათ ფინანსური დახმარება.