სამეგრელო -ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებები მკაცრდება. ინფორმაციას მხარის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეიდან ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობას იწყებენ პოლიციის, სამხედრო ძალების და ჯანდაცვის სფეროს ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც იმ მოქალაქეებს გააკონტროლებენ, ვინც რეკომენდაციებს არა ასრულებს. გადაუდებელი შემთხვევის გარდა, არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა და სოფლებში.
,,შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან ჯანდაცვის სფეროს, პოლიციის და სამხედრო ძალის წარმომადგენლებით. ჯგუფები მუშაობას დაიწყებენ უახლოეს დღეებში, შეიქმნება ბლოკ-პოსტები მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან.
საქართველოში დაიწყო შიდა გავრცელების ეტაპი, რომელიც გაცილებით დიდ რისკებს შეიცავს - თენგიზ ცერცვაძე
საქართველოში შიდა გავრცელების ეტაპი დაიწყო, თუმცა ცერცვაძე ამბობს, რომ ეს ეტაპი კონტროლირებადია.
ყველა ავტომობილი, სადაც იქნება 3 პირზე მეტი, აუცილებლად შეჩერებული იქნება. მანქანებში ყველა უნდა იჯდეს პირბადით, ჩვენ ყველა მოქალაქეს გავაცნობთ რეკომენდაციებს. ჯგუფები გააკონტროლებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ რეკომენდაციებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა, არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად.
ჩვენ ამ ზომებს ვიღებთ იმის გამო, რომ არსებობს მოსალოდნელი რისკები. ჩვენ გვყავს ერთი დადასტურებული პაციენტი ზუგდიდში, თუმცა ყოველდღე, ყოველ წუთს ჩვენ ველოდებით სხვა ახალ შემთხვევებს, იმდენად რამდენადაც ინფორმაცია თუ ვინ არის დაინფიცირებული, სხვას ვის გადასდებს – ამის პროგნოზირება ამ წუთს რთულია. ამდენად, ერთადერთი ძლიერი ინსტრუმენტი ვირუსთან საბრძოლველად, რომ არ გავრცელდეს ეპიდემია სწრაფი ტემპით არის ის, რომ დაიცვან ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია რაც გავეცით. აქედან, უმთავრესია ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ სახლში და გადაუდებელი შემთხვევის გარდა, არ გამოვიდნენ სახლიდან.
არსებობს საფრთხეები, ეს საფრთხეები ძალიან დიდია, ამავე დროს, არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვართ საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს. სამწუხაროდ, ის ინფორმაცია, რაც ჩვენ იქიდან გვქვს არ არის სახარბიელო, მოსალოდნელია ჩვენი თანამოქალაქეების, ვინც აფხაზეთში ცხოვრობს, ჩვენს რეგიონში სამკურნალოდ გადმოსვლა, ყველა მოქალაქეს შესაბამისი დახმარება გაეწევა. ამისათვის მზად უნდა იყოს ინფრასტრუქტურა, ასევე მთლიანად გამართულად უნდა მუშაობდეს ყველა სამსახური.
ჩვენ, იძულებულები ვართ, გავატაროთ ზომები, გავამკაცროთ, დავიცვათ სიფრთხილე, ვიდრე ხვალ და ზეგ გვქონდეს უმართავი პროცესები“ – აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია.