LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკდონალდსი არა, ისა… სომხები რესტორნის გახსნას არ ადასტურებენ

1467

“McDonalds-ი სომხეთში რესტორნის გახსნას არ აპირებს”, – ამ შესახებ სომხური მედია წერს, რომელიც არ ადასტურებს ინფორმაციას სომხეთში სწრაფი კვების საერთაშორისო ქსელის შესვლასთან დაკავშირებით.

როგორც ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო newsarmenia წერს, ისინი ინფორმაციის გადასამოწმებლად McDonalds-ის ევროპის ცენტრალურ ოფისს დაუკავშირდნენ, სადაც McDonalds-ის სომხეთში გახსნის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურეს. ამასთან, მათივე ცნობით, newsarmenia-მ ოფიციალური წერილით სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომაც მიმართა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არც აქ დადასტურდა.

”ფორტუნა” ამ საკითხზე ”მაკდონალდსი საქართველოს” გენერალურ დირექტორს თენგიზ კაპანაძეს დაუკავშირდა, რომელიც საქმიანი ვიზიტით, სწორედ McDonalds-ის თემაზე, გასულ კვირას სომხეთში იმყოფებოდა. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, რესტორნის აშენების და გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ არ არსებობს, შესაბამისად, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება სომხურ მედიაში გასაკვირი არ არის.

”ჯერჯერობით ჩასულები ვიყავით მხოლოდ გარემოების შესასწავლად. გავმართეთ რამდენიმე შეხვედრა, ვნახეთ ადგილები, სადაც სამომავლოდ McDonalds-ის რესტორნის აშენებაა შესაძლებელი. თუმცა, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია”, – განმარტა ”მაკდონალდსი საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ”ფორტუნა” ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ესაუბრა. როგორც ბიზნესმენმა განაცხადა, სომხეთში რესტორნის გახსნაზე McDonalds-ისგან ლიცენზია უკვე მიიღო და იურიდიული დოკუმენტებიც გააფორმა.

”როცა იწყებ ნულიდან, საშუალოდ McDonald’s-ის ერთი რესტორნის აშენება 2,5-2,7 მილიონი ევრო ჯდება. ვფიქრობ, ამ თანხის ინვესტიციის განხორციელება მოგვიწევს სომხეთშიც. თუმცა, თუ უკვე აშენებული შენობა მოგვცეს და იქ მოგვიწია რესტორნის მოწყობა, მაშინ საინვესტიციო თანხის მოცულობა შეიცვლება”, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ. მისივე ინფორმაციით, მშენებლობის დაწყებიდან 6 თვეში რესტორანი უკვე ექსპლუატაციაში გაეშვევა.

სომხეთში რესტორნის გახსნას ქართველი ბიზნესმენი 2017 წლის ბოლომდე ვარაუდობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g