მსოფლიოში უსაფრთხოების მე-4 დონის ლაბორატორია სულ რამდენიმეა (ლუგარის ლაბორატორია უსაფრთხოების მხოლოდ მე-3 დონის ლაბორატორიაა).
არსებული ინფორმაციით, მე-4 დონის ლაბორატორიებიდან ერთი მდებარეობს აშშ-ში, კერძოდ ატლანტაში. ასეთივე მაგარი ლაბორატორია აქვთ რუსებს. „ვექტორი“ ნოვოსიბირსკში მდებარეობს.
მეოთხე დონის ლაბორატოარია აქვს ბელარუსსაც.
ბოლო დროს ყველაზე ცნობილი გახდა უხანში მდებარე ლაბორატორია, რომელსაც ზოგიერთი კორონავირუსის გავრცელებას უკავშირებს.
თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობენ, ვირუსი რუსეთის „ვექტორიდან“ გავრცელდა. ამ მოსაზრებას ავითარებს ვლადიმირ პუტინის КГБ-ის (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) ინსტიტუტის თანაკურსელი იური შვეცი.
„ვექტორში“, სადაც 2019 წლის 16 სექტემბერს აფეთქება მოხდა, კორონავირუსის შტამი ინახებოდა. ასეთი განცხადება გააკეთა „გორდონის“ გამომცემლობასთან ყოფილმა საბჭოთა მზვერავმა.
ამ ვერსიას თუ მივყვებით, “ვექტორის” აფეთქება „თანამედროვე ჩერნობილს“ შეიძლება შევადაროთ.
„აფეთქების შემდეგ, თვითმხილველები კვამლის სუნს და დაბინძურებულ ჰაერს გრძნობდნენ. სავსებით შესაძლებელია, რომ აფეთქების შედეგად ატმოსფეროში კორონავირუსის შტამების მიმობნევა მოხდა“, – განაცხადა იური შვეცმა.
„თუ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებმა კორონავირუსი უხანში შეიტანეს, ეს შანსია პუტინის კონკურენტებისთვის, რომ ის ბოროტმოქმედებაში დაადანაშაულონ“, – დასძენს შვეცი.
მოდი, მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად.
2019 წლის 16 სექტემბრის აფეთქებამ ნახევრადახურულ გასაიდუმლოებულ ქალაქში დასავლური მედია და ექსპერტები შეაშფოთა. ზოგიერთი ექსპერტი ბაქტერიოლოგიურ კატასტროფაზე ალაპარაკდა, რადგან ცენტრი მსოფლიოში ერთ-ერთი იყო იმ ორი ლაბორატორიიდან, სადაც შავი ჭირის, ებოლასა და ყვავილის ვირუსები ინახებოდა.
(ყვავილის შტამი, ამ ცენტრის გარდა, მხოლოდ აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ატლანტაში მდებარეობს).
16 სექტემბრის აფეთქებას მოსახლეობაში პანიკა მოჰყვა. ეს არცაა გასაკვირი. აფეთქების შედეგად კვამლი და დიდი რაოდენობით სპეცტექნიკა გამოჩნდა. მალე გამოჩნდა, „ვექტორის“ ოფიციალური განცხადებაც.
„გაზის ბალონის აფეთქება და ხანძარი, 6-სართულიანი შენობის მეხუთე სართულზე, რკინა-ბეტონის ლაბორატორიულ ნაწილში მოხდა, სადაც რემონტი მიმდინარეობდა. ამ შენობას ბიოლოგიურ მასალებთან არანაირი შეხება არ ჰქონია. დაზიანდა ერთი ადამიანი, შენობის კონსტრუქცია არ დაზიანებულა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
აფეთქებიდან თვენახევარში ნოემბრის დასაწყისში, ნოვოსიბირსკში რამდენიმე ათეული საბავშვო ბაღი დაიკეტა კარანტინის გამო, ნოემბრის შუა რიცხვებში პოლიკლინიკებში რიგები გაჩნდა. ქალაქის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვირუსები წელს განსაკუთრებით საშიშია და ყველაზე ხშირი გართულებები, რომელსაც მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია და გრიპი იწვევს, პნევმონიაა…
კორონავირუსის გავრცელებაში მთავარი დამნაშავე კი ბევრს ქალაქი უხანის ლაბორატორია მიაჩნია.
რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია Foxnews – მა გამოაქვეყნა მასალა, რომლის თანახმად, კორონავირუსის ახალი შტამი, სწორედ უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა და ვირუსის წარმომავლობა სწორედ აღნიშნულ ლაბორატორიას უკავშირდება.
გამოცემა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიაში შეიქმნა არა როგორც ბიოლოგიური იარაღი, არამედ იმისთვის, რომ ჩინეთს ეჩვენებინა და დაემტკიცებინა, რამდენად ძლიერია ვირუსების აღმოჩენისა და მათთან ბრძოლის კუთხით. ამით სურდა ეჩვენებინათ, რომ აღნიშნული თვალსაზრისით არა მხოლოდ თანაბარია აშშ-თან, არამედ მასზე უფრო ძლიერიცაა.
იტალიური მედია უხანის ლაბორატორიის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ იცავენ უსაფრთხოებას.