მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. სხდომა პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა. აღნიშნული მუნიციპალიტეტის სოფლებში კორონავირუსის ახალი შემთხვევის ზრდის გამო, საბჭომ ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. სოფელ მუშევანთან ერთად, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები უკვე 29 აპრილიდან მოქმედებდა, ანალოგიური რეჟიმი სოფელ გეტაშიც დაწესდა. შესაძლო გართულებების თავიდან ასარიდებლად, გიორგი გახარიამ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს ორივე სოფელში შეზღუდვების აღსრულებაში, მაქსიმალური კონტროლი დაავალა.
დღეიდან სოფელი გეტა იზოლაციაშია
სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ეკონომიკის გახსნის ეტაპების მიმდინარეობაზე და შეზღუდვების გაუქმების კუთხით დაგეგმილ მომდევნო ნაბიჯებზე.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმ რეკომენდაციების და წესების დაცვის აუცილებლობას, რაც ქვეყანაში ვირუსის პრევენციის მიზნით დადგინდა, რომ არ გაუარესდეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და არ გაჩნდეს უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესების საჭიროება.