დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამრელიძე შესაძლოა პოლიტიკაში ვიხილოთ. გავრცელებული ინფომაციით, ის, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ სიაში იქნება.
თავად გამყრელიძე ამ დროისთვის არანაირ კომენტარს არ აკეთებს. თუმცა ცოტა ხნს წინ განაცხადა, რომ არანაირი პოლიტიკური გეგმები არ აქვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოკლე კომენტარით შემოიფარგლა უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე.
„ამირანი უწესიერესი ადამიანია. პარლამენტში კი არა, ყველგან უნდა იყოს“, – აღნიშნა დეპუტატმა „რეზონანსთან“ საუბარში.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრად ინიშნებოდა. ინფორმაციის გავრცელებას კი ხელი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულმა ფოტომ შეუწყო, სადაც ამირან გამყრელიძე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან ერთად იყო დაფიქსირებული. ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან გამყრელიძის რეკომენდატორი სწორედ ჩხარტიშვილი იყო.
სისულელეა: ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნას არ ადასტურებს
ინფორმაციას „ფეიკნიუსს“ უწოდებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრშიც.
მაშინ გავრცელებულ ინფორმაციას „ფორტუნასთან“ საუბარში გამყრელიძემ სისულელე უწოდა.
არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება და გახდება თუ არა ექიმების „შესანიშნავი სამეულიდან“ ერთ-ერთი „ოცნების“ საარჩევნო სიაში, ამას სულ მალე გავიგებთ.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის დროს, სამმა ექიმმა: თენგიზ ცერცვაძემ, ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ საზოგადოების დიდი სიყვარული დაიმსახურა.
მათ ბევრი „შესანიშნავ სამეულს“ ეძახის.