როგორც ცნობილია, „კანის“ კინოფესტივალი 12-23 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა, ის კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
კომიტეტმა 2067 ფილმი შეაფასა და მათგან საბოლოოდ, 56 ფილმი შეარჩია. გუშინ საღამოს „კანის“ კინოფესტივალის პრეზიდენტმა, პიერ ლესკიურმა და დირექტორმა, ტერი ფრემომ შერჩეული ფილმების სია გამოაქვეყნა.
სიაში სხვა უამრავ ფილმს შორის „სული“ (Soul), „კიდევ ერთხელ“ (Another Round), „ფრანგი დისპეჩერი“ (The French Dispatch), „უკანასკნელი სიტყვები“(Last Words), „ვარდნა“ (Falling), „ჩვეულებრივი ვნება“(Passion Simple) და ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ მოხვდნენ.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე ხვდება. 2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი ,,უხილავი სივრცეები” წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, 2016 წელს კი დეა კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,ლეთა” აჩვენეს სექციაში ,,რეჟისორთა ორკვირეული”.