„დილა მშვიდობისა, საქართველო“ „რუსთავი 2“-ზე მაყურებლებს მე-19 სეზონით უკვე დაუბრუნდა. ტელეწამყვანების წყვილი ანი გიუნტერისა და ზურა გორგაძის შემადგენლობით ერთად უკვე მეორე სეზონია, აღვიძებს „რუსთავი 2“’-ის მაყურებლებს.
ანი:
აბსოლუტურად გულწრფელი ვარ, როცა ამას ვამბობ და სრულებით ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი განწყობა მაყურებელზეც გადადის. მაყურებლის მოლოცვები და გზავნილები კიდევ უფრო დიდი სტიმულია ჩვენთვის.
ზურა:
ის, რომ მაყურებელმა მიგვიღო, რეიტინგებშიც აისახა და ეს ჩემთვის და დილის გადაცემის სხვა ახალი თანამშრომლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. წლები ვმუშაობდი „რუსთავი 2“-ში, ოღონდ სხვა განყოფილებაში, არხის ხმად, დილის გადაცემაში მუშაობა კიდევ სხვა პასუხისმგებლობაა. აუცილებლად უნდა იყო პოზიტიური, გაახმოვანო ის საჭიროებები, რაც მაყურებელს აქვს, ამასთან, ოქროს შუალედი უნდა იპოვო, პოზიტივსა და იმ განწყობას შორის, რომელიც შეიძლება იმ დროს იყოს შენს ქვეყანაში. არაფერი უნდა გამოგრჩეს. ეს ყველაფერი, ალბათ, ასე თუ ისე, გამოგვივიდა.
დაბრუნებაც ახალ სეზონზე ორმაგად სასიამოვნო ყოფილა თქვენთვის. რა სიახლეები გაქვთ?
ანი:
გუნდში ცვლილებები გვაქვს, შემოგვიერთდა სპორტის რუბრიკის ახალი წამყვანი, ლაშა რამაზაშვილი, დაგვემატა გემრიელი დუეტი ლიკა კვარაცხელიასა და თემო ქაქუჩაიას შემადგენლობით, სხვათა შორის, მათ მიერ მომზადებული კერძები დავაგემოვნეთ და იმედი მაქვს, რომ მათი მომზადებული გემრიელი კერძები ჩვენს წონაზე არ აისახება (იღიმის).
დილის გადაცემა მუდამ ცვალებადია, ისევე, როგორც ყველა დილა. არ ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ სტაბილურობა ყოველთვის დაჰყვება. ანუ ზუსტად იცი, რომ გათენდება და დილის გადაცემა ეთერში იქნება. ჩემთვის ასეა.
ზურა:
შეიძლება, წამყანები, რუბრიკები დაგვემატოს, მაგრამ სულ რომ არაფერი შეიცვალოს, მაინც ყოველი დილა განსაკუთრებული და განსხვავებულია. აბსოლუტურად განსხვავებულია ყველა ეთერი ერთმანეთისგან. პანდემიის რთული პერიოდი ყველამ გავიარეთ. ამ პერიოდში თვალსა და ხელს შუა გადაეწყო გადაცემა და აბსოლუტურად სხვა რამ მივიღეთ. გავაგრძელეთ და შევძელით მაუწყებლობა ძალიან რთულ დროს. აქაც ვიგრძენით მაყურებლის გვერდში დგომა.
ანი:
ამ ბოლო დროს გადაცემის სტრუქტურა რაღაც ასოციაციებს მიჩენს, მაგალითად, ვადარებ მაღვიძარას, რისი ფუნქციაც ჩვენ გვაქვს. მშობლებივით ზუსტად ვიცით, რა უნდა შევთავაზოთ შვილებს, რომ მათი დილა უკეთესი გახდეს. ვათენებთ იმისთვის, რომ ეს პასუხისმგებლობა გავიზიაროთ.
დაღვრემილი სახის ყურება არავის სიამოვნებს დილიდან, ეს ისედაც ფაქტია, გარდა ამისა, ყოველთვის გვღვიძავს და ვართ ადეკვატურები იმ მოვლენებისადმი, რაც ქვეყანაში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ვართ აპოლიტიკურები, დღეს მაინც ვერ იქნები აპოლიტიკური, თუკი ხარ საზოგადოების წევრი. თამამად ვამბობ იმას, რომ ჩვენ ამის საშუალება ყოველთვის გვქონდა და ახლაც გვაქვს. ვართ თავისუფლები, ასე რომ არ ვფიქრობდე, ამ არხზე არ დავრჩებოდი. ჩემთვის დილის გადაცემა არის თავისუფლება და იმპროვიზაცია ჩემს პარტნიორებთან ერთად.
პარტნიორობაზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა…
ზურა:
მაყურებელმა რომ ტელეეკრანთან თავი კომფორტულად იგრძნოს, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიგრძნოთ თავი კომფორტულად ერთმანეთთან. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო პროცესისას ხშირია აზრთა სხვადასხვაობა, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, სწორედ კამათისას იბადება ჯანსაღი აზრი. მიხარია, რომ განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ეთერში საბოლოო ჯამში გადის ის, რაც, ჩვენი აზრით, მაყურებელს დააინტერესებს.
ანი:
იდეალურ ურთიერთობებშიც არის კამათი. წარმოუდგენელია, რომ ადამიანს ყველაფერში დაუთმო, შენ ხომ შენი აზრი გაქვს, კამათში იბადება ჭეშმარიტება, მაგრამ ეს არ არის კამათი იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე დაარწმუნო, რომ ის მართალი არ არის.
რთულია, როცა გუნდში არ ხარ დარწმუნებული, მე კი უსაფრთხოების ბალიში ძალიან დიდი დოზით მაქვს წარმოდგენილი, ყველა მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არის სტრესული სამსახური, მაგრამ ამ სტრესს უფრო მამოძრავებელ ძალას დავარქმევდი.
ზურა:
ყველა გუნდში ვცდილობთ, ერთმანეთს შევუქმნათ კომფორტი. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ვართ მეგობრებიც. მეგობრობის გარეშე შესაძლებელია გადაცემის ერთად წაყვანა, არ მგონია, ყველა პარტნიორი და კოლეგა მეგობრობდეს, მაგრამ ეს იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ საქმე. მეგობრობა პარტნიორთან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ტიპის გადაცემა მიგყავს. მე და ანი მანამდეც ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ გარკვეული დრო დაგვჭირდა, რომ კარგად გაგვეცნო ერთმანეთის ხასიათი და მიგვეღო ერთმანეთი ისეთებად, როგორებიც ვართ. შეთამაშებული პარტნიორობა ეთერში ძალიან კარგად იკითხება და ამას გრძნობს მაყურებელი.
ამ ერთი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილებიდან ბევრი რამ დავაფიქსირე, რაც არ მომწონს საკუთარ თავში და ვეცდები, მათ გამოსწორებაზე ვიმუშაო.
ანი:
მაგალითად, მე ვცდილობ ცოტა ხმის დაბოხებას, რომ ზურას ხმას მივამსგავსო, რადგან ძალიან განსხვავებული ხმები გვაქვს. მგონი, მეცოსოპრანომდე მივედი (იცინის).
ყველაზე მხიარული ეთერი რომელი იყო?
ზურა:
მხიარული არ ვიცი, მაგრამ სეზონის დასასრულს, ბოლო გადაცემაში მგონი, ვეღარ ვიტანდით ერთმანეთს და მისი დასრულებისთანავე უცებ დავიშალეთ, ყველა სხვადასხვა მხარეს (იცინის).
ყველაზე მხიარული შემთხვევები, ალბათ, ის არის, როცა ეთერში აარაადეკვატურ დროს გეცინება, მაყურებელს ვერ აუხსნი, რატომ, მაგრამ ამას თავს ვერ არიდებ. ყველანი ადამიანები ვართ… როცა ატყდები და ვეღარასდროს ჩუმდები, ეს იწვევს მხიარულებას, თუმცა არა „დილის კურიერის“ წამყვანებისთვის. ზოგჯერ ჩვენს კოლეგებს, ანუკას და მარიკას ძალიან რთულ მდგომარეობაში ვაყენებთ და მათ თქვენი საშუალებით ბოდიშს მოვუხდი. ეს სიცელქეები, ძირითადად, მე მბრალდება ხოლმე.
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე