შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, „კოვიდ 19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დედაქალაქში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული არიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტროსადგურში შემსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების ტარებას აკონტროლებენ.
საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მოქალაქეებს პირბადეებით უზრუნველყოფენ. კონტროლი საპატრულო პოლიციის მიერ მეტროსადგურების შიდა ტერიტორიაზეც ხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.
https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/2686955954966846