2019 წლის დეკემბრიდან მსოფლიო მწვავე პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის მასობრივ გავრცელებაზე ალაპარაკდა.
ეპიცენტრი ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქი უხანი იყო.
ყოველდღიურად ითვლებოდა ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ასევე ყოველდღიურად იყო კატასტროფულად მზარდი.
შემდეგ იყო პირველი დადასტურებული შემთხვევები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ჩინეთის დადანაშაულება ინფორმაციის დამალვაში, მზადება ბრძოლის დასაწყებად ახალ უხილავ მტერთან, ლოქდაუნები და მასშტაბური მუშაობა ვაქცინის შესაქმნელად.
პარალელურად იზრდებოდა როგორც დაინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა ყოველდღიური სტატისტიკური მონაცემები.
მსოფლიო პანდემიის მეორე ტალღას ებრძვის და კოვიდ 19-ის გავრცელების სისწრაფე იმაზე მასშტაბურია, ვიდრე ამას ჯანდაცვის ექსპერტები პროგნოზირებდნენ.
რაოდენობრივ მონაცემებს მსოფლიო თვალს ადევნებს ვებგვერდზე: https://www.worldometers.info/coronavirus/ რომელზეც დღეს ახალი ციფრები დაიწერა – მსოფლიოს ჰყავს 50 783 309 კოვიდდადებითი ადამიანი, თუმცა აქედან, სამწუხაროდ, 1 262 766 ადამიანი უკვე იმსხვერპლა ვირუსმა.
კოვიდინფექცია უკვე დაამარცხა 35 823 939 ადამიანმა.
როგორ გამოიყურება მონაცემები ქვეყნების მიხედვით:
მსოფლიოს 50 მილიონი ინფიცირებულიდან 10 მილიონზე მეტი უკვე აშშ-ს ჰყავს.
დღევანდელი მონაცემებით, შტატებში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 10 288 480-ია, უნდა აღინიშნოს ნეგატიური ტენდენციაც, ბოლო რამდენიმე დღეა აქ ყოველდღიურად 100 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
მეორე ადგილზე ინდოეთია – 8 555 109 ინფიცირებულით, ხოლო მესამეზე ბრაზილია 5 664 115 დადასტურებული შემთხვევით. სამეულს მოსდევს რუსეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, არგენტინა, დიდი ბრიტანეთი და კოლუმბია, ამ ქვეყნებში კოვიდშემთხვევების რიცხვმა დღეს უკვე ერთ მილიონს გადააჭარბა.