მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ, ძალიან რთული გარემოება შექმნა. დადგა დრო, როცა ყველა საკუთარი ძალებით ებრძვის კორონავირუსს. რუსო ბერიძეს მოხუცთა პანსიონატი აქვს და 9 დაინფიცირებულ ბებოს თავდაუზოგავად უვლის.
პირველი ეტაპი ღირსეულად გადაიარეს. თუმცა, ვირუსი დანარჩენ მოხუცებსაც შეხვდათ. სამწუხაროდ, თავად რუსოც დაინფიცირდა და საკმაოდ რთულად გადაიტანა. ახლა ის უფრო დაცული და დაზღვეულია, რადგან მისმა ორგანიზმმა ანტისხეულები გამოიმუშავა.
რუსო ბერიძე: ”ჩემი ძლიერები, ჩემი ძალიან პოზიტიურები აქეთ მამხნევებენ. ნახეს, რა ძნელად გადავიტანე. აღმოჩნდა, რომ მე ყველაზე დიდი დოზით მივიღე ვირუსი და მდგომარეობიდან გადასხმების გარეშე ვერ გამოვედი. ამის აღწერა ძალიან მიჭირს. ეს იყო მდგომარეობა არა დედამიწაზე, არა ცაში, რაღაც სხვა აღუწერელი. თუმცა გადავლახე და ისევ ვუვლი ჩემებს”.
რუსოს არც შვილები ყავს, არც ოჯახი, მაგრამ მას აქვს ის, რაზეც მსოფლიოში უამრავი ადამიანი ოცნებობს. საკუთარი პანსიონატი.
”ის რაც ახლა აქ ხდება, ეს ყველაფერი ზღვარს იქითაა. ეს არ არის უბრალოდ მოვლის ვალდებულება. ეს არის გაცილებით მეტი. დღეს მე და ჩემმა ინეზამ პირველად ჩვენი პანსიონატის ისტორიაში დავუდგით გადასხმების სისტემები ჩვენ ბებოებს და ერთი დღე ოთახები, პალატებს დაემსგავსა.
ძალიან გავმწარდი.. საათობით ველოდებოდით შველას და მაინც არ ჩანდა. შიმშილისგან და კოვიდისგან დასუსტებული მოხუცები ხელში მელეოდა. ამიტომ, ვეღარ დაველოდე. თუ ვხედავ, რომ გადარჩენის ერთი შანსი მაქვს, ან ხანდახან ისიც არ მაქვს მაინც, ვებღაუჭები და ვიბრძვი.
დღეს გავაკეთეთ ის რაც შეიძლება სხვისთვის არ არის რთული, მაგრამ ჩვენ არ ვართ სამედიცინო პერსონალი და მაინც ეს ამად ღირდა. ბებოებმა ისევ დაიწყეს სიცოცხლეზე ფიქრი.
რუსო ბერიძე აღნიშნავს, რომ ძალიან გაუმართლა, რადგან ვირუსი უკვე გადაიტანა და უფრო მომზადებულად შეხვდა ვირუსის მეორე ტალღას.
”მადლობა უფალო, რომ გამომითვალე დრო და საათი თუ როდის და რა უნდა დამმართნოდა”.
რასაც ქართველებს ვერ დავუკარგავთ, ეს რთულ პერიოდში გვერდში დგომაა. მაშინ, როდესაც მოხუცები გასაჭირში არიან, ადამიანები მიდიან და პროდუქტები მიაქვთ.
”აბა ეს არ არის ღვთის საჩუქარი?! ნამდვილად არის და წლებია უფალი საოცარ ადამიანებს გვიგზავნის, რომლებიც უანგაროდ, ჩუმად მოდიან და ღვთის საქმეს აკეთებენ”.
მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის.