„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შპს “შუქრუთი +”-ის 9 მაღაროელს კორონავირუსი დაუდასტურდა და მათ არ აქვთ შესაძლებლობა თვითიზოლაციაში გადავიდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება“, – ამის შესახებ „ფორტუნას“ კომპანიაში განუცხადეს.
გუშინ სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში, 9 მაღაროელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ კომპანია არ აჩერებდა საწარმოო პროცესს და იქ დასაქმებულ მაღაროელებს საშუალება არ ჰქონდათ თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ.
არის თუ არა კორონავირუსის შემთხვევები “ჯორჯიან მანგანეზში”: კომპანიაში ჯერ პასუხი არ აქვთ
ჩვენ დავუკავშირდით კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს“, სადაც გვითხრეს, რომ კომპანია შპს “შუქრუთი +” მათი ერთ-ერთი ქვეკონტრაქტორია, რომელიც ოთხი თვის წინ შეიქმნა.
შპს “შუქრუთი +”-ში გვითხრეს, რომ კომპანია ზედმიწევნით ასრულებს საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.
საწარმოო ობიექტებზე სისტემატიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები და დასაქმებულებს ყოველდღიურ რეჟიმში უტარდებათ თერმოსკრინინგი.
ასევე, პერიოდულად ტარდება PCR ტესტირება და თანამშრომლები აღჭურვილი არიან პირადი დაცვის საშუალებებით.