LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანებს თავად უნდა გადაეწყვიტათ, იმუშავებდნენ თუ შიმშილს აირჩევდნენ: რაზე საუბრობენ დაზარალებული ბიზნესის წარმომადგენლები

471
FORTUNA.GE (10)

მსოფლიო პანდემიის ფონზე, საქართველოს მთავრობამ არსებული შეზღუდვების გამკაცრება გადაწყვიტა, რასაც სხვადასხვა ბიზნესის შეჩერება მოყვა. ეპიდემიოლოგების თქმით, მიუხედავად გამკაცრებული წესებისა, კორონავირუსის პიკი მაინც მოსალოდნელია.

ფორტუნა” სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს ესაუბრა და გაარკვია თუ რა ზიანი მიადგა ბიზნესს ან რამდენად მარტივია სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ, მუშაობის გაგრძელება.

ბაკურიანში, სასტუმროების ქსელ “მგზავრების” გაყიდვებისა და რეზერვაციების მენეჯერის, მარიამ გორდაძის თქმით, “მგზავრები” სექტემბრის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს.

“ზამთრის სეზონზე, კომუნალურების მხრივ, განსაკუთრებულად დიდი ხარჯი აქვს სასტუმროს. ყველაზე მოთხოვნად პერიოდზე გახსნის და ფუნქციონიერბის უფლება არ გვაქვს. ამ მიზეზების გამო ბევრი კადრი უმუშევარი დარჩა. ეს სიტუაცია სასტუმრო სექტორს დიდ ზიანს აყენებს. თუ შეზღუდვები გაგრძელდა, სასტუმრო ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს.

ჩვენ ორიენტირებული ვართ, როგორც შიდა, ასევე გარე ტურიზმზე. პანდემიიდან გამომდინარე შიდა ტურიზმზე დიდი მოთხოვნა ყოფილა. თუმცა, აკრძალვების გამო ვერ ვაკმაყოფილებთ მოთხოვნებს”.

მისი თქმით, 25 თანამშრომელი, რომლებიც სეზონურად მუშაობდნენ, დღევანდელი მდგომარეობით, სამსახურის გარეშე დარჩა.

“გადარჩენის შანსი დღევანდელი გადმოსახედიდან არის, სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, ყველა სასტუმრო კოვიდსასტუმროდ უნდა გადაკეთდეს და თანაბრად გადანაწილდნენ პაციენტები. ასევე, გადასახადებზე დაწესდეს გარკვეული შეღავათი, რომ შევძლოთ კადრების შენარჩუნება”.

 

მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის ცენტრები პანდემიით გათვალისწინებულ შეზღუდვებში არ მოყვა, მეპატრონეები საუბრობენ, რომ მაინც იძულებული გახდებიან ცენტრები დახურონ. ტრანსპორტის შეჩერების გამო, თანამშრომლებიც და მომხმარებლებიც სიარულს ვერ ახერხებენ. ამის შესახებ ”იუბისი ბიუთის” დამფუძნებელი და დირექტორი ზეზვა ჯაიანი გვესაუბრა.

“როგორც ვიცით, ურთულესი ეტაპი დგას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. სრული ქაოსი და დაბნეულობაა. ახლა დაემატა შეზღუდვები. დღეისათვის სილამაზის სალონებში რთული სიტუაციაა. არ დაკეტეს, მაგრამ აკრძალეს ან შეზღუდეს ტრანსპორტი. რა აზრი აქვს ღია სალონს თუ სპეციალისტი ვერ მოვა სამსახურში. ჩემი აზრით, ამით ისეთ სიტუაციას ქმნიან, რომ სალონები ავტომატურად დაიკეტოს. ვითომდა, ჩვენ არ დაგკეტეთო და ამით მთავრობამ სავალდებულო, მიზერულ 200 ლარიან გადასახადს თავი აარიდა”.

მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა აქვთ მათ, ვისაც ფართი იჯარით აქვს აღებული.

“ამ ეტაპისთვის ის სალონები განაგრძობენ მუშაობას, ვისაც ქირა არა აქვს. თუმცა, მუშაობის გაგრძელება უკვე მათაც უჭირთ. სხვა სალონები და ცენტრები გადარჩენაზე ზრუნავენ. არავინ იცის, რა დად როგორ იქნება ხვალ.

პანდემიის პერიოდი ჭაობივით ითრევს ხალხს და ვფიქრობ, თუ ასე გაგრძელდა ძალიან ცუდი ვითარება გვექნება, როგორც საზოგადოებას, ასევე ბიზნესს. მე და, იმედია სხვასაც, ის ადამიანები უწყობენ ხელს, ვისგანაც ბიზნეს ფართები გვაქვს იჯარით აღებული”.

უტრანსპორტობითაა გამოწვეული თანამშრომლებისა და მომხმარებლების შემცირება.

”რაც შეეხება მომხმარებელს, ზოგი ტრანსპორტის გამო ვერ გადაადგილდება, ზოგსაც ეშინია და ეს გასაგებიცაა. ბევრი უმუშევარი დარჩა და საკვების ფულიც აღარ რჩებათ. ძალიან განვიცდი, არა მარტო იმას, რომ ბიზნესმა შეიძლება ვერ იმუშაოს, არამედ ხალხიც საფრთხის წინაშე დგას: პანდემია, ასევე შიმშილი, მედიკამენტების სიძვირე, იზრდება უმუშევრობა”.

ზეზვა ჯაიანმა ისაუბრა თუ როგორ უნდა გადარჩეს ბიზნესი. ბოლოს მაინც პოლიტიკამდე მივდივართ.

“ასეთ ვითარებაში, ხელი უნდა შევუწყოთ ერთმანეთს და ცოტა უკეთეს სიტუაციაში ვიქნებით, ან ოფიციალურად უნდა დაიხუროს ყველაფერი და გვარჩინოს სახელმწიფომ, როგორც აქამდე ხალხი არჩენს მას. თუ ვერ პატრონობს ხალხს მთავრობა, მაშინ სადავეები უნდა დათმოს. პოლიტიკაში ვერ ვერევი ან ვინ ჩამრევს და თუ არ გვრევენ, მაშინ სიტუაცია თავად უნდა მოაგვარონ. ყველა ამბობს, დაფინანსებას იღებენო და თან ისეთ თანხებზეა საუბარი, მოსახლეობას საარსებოდ 3 თვე მაინც ეყოფა? სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის. ჩვენზე არავინ ზრუნავს. ამიტომ, ყველა საკუთარ თავს უნდა გავუფრთხილდეთ. იცით, როგორი სიტუაციაა?! უღრან ტყეში რომ მიდიხარ და მხოლოდ შენი თავის იმედად ხარ. სხვას ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ბოლოს იმედს არ ვკარგავთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება”.

დაწესებულმა შეზღუდვებმა, კვების ობიექტებსაც დიდი ზარალი მიაყენა. დაიხურა რესტორნები და ბარები. ასობით თანამშრომელი უმუშევარი დარჩათ. ამის შესახებ, “კლუბ 10/11″-ის და სადღესასწაულო სივრცის ”შუაგულის” პიარ-ივენთ მენეჯერს, ტატა ავალიშვილს ვესაუბრეთ.

“როგორც კი გაჟღერდა, რომ 22:00 საათამდე შეგვეძლო მუშაობა, რესტორანი მაშინვე დაიკეტა. იმიტომ, რომ ჩვენთან ხალხი გასართობად საღამოს მოდის. ამ ეტაპზე ისეთი მდგომარეობა გვაქვს, როგორიც 99%-ს. ძალიან ბევრი თანამშრომელი დარჩა უმუშევარი. შესაბამისად, ქირას ვერ იხდიან, საცხოვრებლებიდან გამოუშვეს. ადამიანები უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან.
ჩვენ გვაქვს ორი ობიექტი და დაახლოებით 50 ადამიანი უმუშევარი დარჩა. ასევე ის ადამიანებიც, ვისაც ჩვენი ობიექტები ასაქმებდა. ესენი არიან დიჯეები, მუსიკალური ბენდები, მომღერლები, ფოტოგრაფები და ა.შ. ამ ადამიანების რაოდენობა საკმაოდ დიდია”.

მან აღნიშნა, რომ ძალიან რთული სათქმელია, როგორ შეიძლება გადარჩეს ბიზნესი.

“ჩემი აზრით, საკმარისი იქნებოდა რეკომენდაციები მიეცა სახელმწიფოს ყველასთვის და ადამიანებს გადაეწყვიტათ, როგორ ეცხოვრათ. უნდა ყოფილიყო ნებაყოფლობითი. შესაბამისად, ადამიანები თავად გადაწყვეტდნენ, იმუშავებდნენ თუ შიმშილით დახოცვას გადაწყვეტდნენ. ჩემი გადმოსახედიდან მგონია, რომ არ იყო ეს სწორი ნაბიჯი. ვფიქრობ, თუ მაინც უნდა მოვმკვდარიყავით, შიმშილით იქნებოდა, ნერვიულობით თუ ვირუსით, ეს ჩვენი გადასაწყვეტი უნდა ყოფილიყო”.

 

არსებულ სტუაციასთან დაკავშირებით, რიგითი მოქალაქეებიც გამოვკითხეთ. უმეტესი ნაწილი აღნიშნავს, რომ მათი სამსახური დაიკეტა, ან შეზღუდვებიდან გამომდინარე, კონკრეტული კადრის საჭიროება აღარ არის. ის ადამიანები, ვინც ტრანსპორტით დადიოდნენ, იძულებით შემცირებაში მოყვნენ, რადგან ზოგიერთი მათგანი სამსახურიდან შორს ცხოვრობს და მეპატრონეებმაც ალტერნატივის გზით, ობიექტთან ახლოს მცხოვრები თანამშრომლები დატვირთეს. შესაბამისად, ისინი აცხადებენ, რომ სიტუაცია უმართავია. ხალხს ბინებიდან უშვებენ, პანდემიის დროს ნათესავთან მიდიან საცხოვრებლად. საბოლოოდ, ეს მდგომარეობა სადამდე მიგვიყვანს არავინ იცის. უიმედოდ და ბედის ანაბარა დარჩენილი ხალხი დახმარებას ისევ ერთმანეთს თხოვს.

magti 5g