LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზღვარგარეთ გაშვილებული ბავშვები და მრავალწლიანი რიგები საქართველოში

3000 -ზე მეტი მსურველი და რიგი, რომელიც რამდენიმე წელი გრძელდება –  საქართველოში  შვილად აყვანის მსურველებს სოციალური პირობებისა და სხვა კრიტერიუმების გარდა, მოთმინება და უსასრულოდ ლოდინის უნარიც უნდა გააჩნდეთ.

მაშინ, როცა წყვილები გასაშვილებელ ბავშვს წლები ელოდებიან, საქართველოდან საზღვარგარეთ 2015 წლიდან დღემდე 12 ბავშვი გაშვილდა. ამასთან, “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის  მიხედვით პრიორიტეტი საქართველოში გაშვილებას  ენიჭება. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, იშვილოს  გასაშვილებელი ბავშვი, თუ აღრიცხვაზე აყვანიდან 8 თვეში  შვილად საქართველოს მოქალაქემ ვერ აიყვანა.

 „საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მისი შვილად აყვანა საქართველოს მოქალაქის ან/და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ,“ – მუხლი 19.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვები, რომლებიც უცხოეთში გაშვილდნენ, საქართველოში შვილად არ აიყვანეს,  რადგან 12-ვე ბავშვი შშმ პირი იყო.  

„ ქართული რეალობაში  პოტენციური მშობლები მკაცრად განსაზღვრავენ კრიტერიუმებს, როგორი უნდა იყოს ბავშვი – აუცილებლად პატარა, მაქსიმუმ 3 წლამდე, აუცილებლად ჯანმრთელი და პრიორიტეტს ანიჭებენ ეთნიკურად ქართველს. ეს, სავარაუდოდ, მენტალიტეტის საკითხია.  არათუ ამ კრიტერიუმებით , სააგენტოს ფიზიკურად არ ჰყავს გასაშვილებელი ბავშვი, გარდა შშმ ბავშვებისა. 1990-იანი  წლებისგან განსხვავებით შეცვლილია ქალების მენტალიტეტიც,  წინააღმდეგობას უწევენ საზოგადოებას და აღარ ამბობენ უარს ბავშვებზე. ეს დადებითი ტენდენციაა,“  – განუცხადეს „ფორტუნას“ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

კანონის მიხედვით, შეთავაზებულ ბავშვზე უარის თქმის შემთხვევაში, მშვილებელი  რიგს  ინარჩუნებს და მას სხვა ბავშვს შესთავაზებენ. ერთსა და იმავე მშვილებელს ბავშვს მხოლოდ ორჯერ სთავაზობენ, რის შემდეგაც ის რეგისტრაციიდან იხსნება.

მხოლოდ საზოგადოების ცნობიერებასა და  და მენტალიტეტზე აქცენტების გადატანას არ მიიჩნევს მართებულად ორგანიზაცია  “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი.

ბავშვთა უფლებადამცველი იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც, ერთი მხრივ, მშობელს აიძულებს, შშმ ბავშვი გააშვილოს, ხოლო, მეორე მხრივ, მშვილებელს “აფრთხობს“, აიყვანოს ბავშვი.  

მისი ინფორმაციით, სერვისების სიმწირე, სარეაბილიტაციო ცენტრების მიუწვდომლობა, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის არარსებობა – ეს ის პრობლემებია, რის გამოც შშმ ბავშვები გასაშვილებელთა სიაში ხვდებიან და საქართველოში ვეღარ შვილდებიან .

„მშობლები, რომლებსაც ჰყავთ შშმ ბავშვები, მუდმივად ითხოვენ სახელმწიფოსგან დახმარებას. არა აქვთ წამლები,  აქვთ გადაადგილების პრობლემა, არ არის სარეაბილიტაციო ცენტრები  – ეს სიტუაცია უბიძგებს მშობელს, ბავშვი გააშვილოს. მეორე მხრივ, პირებს, რომლებიც შშმ ბავშვს აიყვანენ, არ გააჩნიათ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, რაც საზღვარგარეთ უპირობოდ ხდება. თუ ადამიანს აქვს პასუხისმგებლობა და იცის, რომ ვერ მოუვლის , ვერ მისცემს ბავშვს სათანადო პირობებს, ბუნებრივია, არ აიყვანს და აქ მხოლოდ მენტალიტეტის პრობლემა არ არის,“ –  ამბობს „ფორტუნასთან“ ანი არგანაშვილი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით,  დღეის მდგომარეობით, ბავშვის აყვანის მსურველი 3200-ზე მეტი პირია  რეგისტრირებული, გასაშვილებელ ბავშვთა რეესტრში კი 196 ბავშვია, მათგან 130 შშმ პირია. სხვადასხვა მიზეზთა გამო, საქართველოში  ამ ბავშვებზე მოთხოვნა არ არის და დიდი ალბათობით, ისევ უცხოელ მშობლებს დაელოდებიან.

 

თამუნა გოგუაძე 

 

magti 5g