ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი კორონავირუსთან მებრძოლი ექიმების გადასაღებად თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა.
კადრების გადაღება მოახერხა, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდა.
საკუთარი ემოციები გოგა ჩანადირმა ფეისბუქზე გაგვიზიარა.
„იცით, არ ვაჭარბებ – ვიყავი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში კოვიდ 19-თან შეჭიდებული მედიკოსების გადასაღებად.
შესაბამისი აღჭურვილობით აღკაზმას დაახლოებით 5 წუთი მაინც მოვუნდი (თან, დამეხმარნენ). მერე მხოლოდ კოვიდპაციენტებისთვის გამოყოფილ განყოფილებაში შევედი.
მაშინვე სახის დამცავი შიგნიდან დამეორთქლა და ფოტოაპარატში გამოსახულებას ვეღარ ვხედავდი.
მერე ჩამომცხა. ჯერ შუბლზე, მერე მკერდის არეში, მერე მთელი სხეული მოიცვა და მივხვდი, რომ ისე მცხელოდა, როგორც გაუსაძლის სიცხეში.
კადრებს ძლივს ვხედავდი. თუმცა, ექიმების, ექთნების, სანიტრების თავდაუზოგავ შრომას ვხედავდი და ვხედავდი, რომ ისინი თავგანწირვით ცდილობენ უმძიმესი პაციენტების გადარჩენას.
იცით, სიკვდილს რამდენი გამოგლიჯეს?
მე საავადმყოფოში 2-3 საათი ძლივს გავჩერდი, მედიკოსები კი საათობით დარბიან. რა გამძლეობა აქვთ, რა მოთმინება, რა ნერვები. როგორ არ უნდა მოვუფრთხილდეთ, როგორ არ უნდა დავაფასოთ?
როცა განყოფილება დავტოვე, თმა სულ სველი მქონდა. მე არაერთი სამედიცონო პროცედურა გადამიღია, მაგრამ ეს სულ სხვა იყო.
ყოველდღე, როცა მედიკოსები კოვიდპაციენტების განყოფილებას ტოვებენ, ალბათ, თმა იმათაც სველი აქვთ.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. 



ფოტორეპორტაჟს კი “ევროპათაიმის” გვერდზე შემოგთავაზებთ“, – წერს ფოტოგრაფი სოციალურ ქსელში.