“დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენის განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებაში და სულში. არაფერი ხდება ღვთის გარეშე.”- განაცხადა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში და მართლმადიდებელ საზოგადოებას ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.
” გუშინ დავწერე მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენთვის. ამის გარდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები. რომ დაწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, როგორც საკუთარ მშობელს, ისე უნდა მიმართოთ მამასა, ძესა და სულიწმინდასა. გამომიგზავნეთ მე. როცა შეგროვდება საკმაოდ ბევრი, გამოვცეთ წიგნად“
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ დაწერილი ლოცვა მრევლს მეუფე დანიელმა წაუკითხა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ლოცვა დღეიდან ტაძრებში იქნება და მრევლს შეუძლია ის ტაძარში, სახლსა თუ სამსახურში წაიკითხოს.