ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში RECOVERY-ის კვლევაზე დაყრდნობით საზოგადოებას სასიხარულო ამბავს უზიარებს მედიკამენტ ტოცილიზუმაბისტან დაკავშირებით.
“სასიხარულო ამბავი: ტოცილიზუმაბი უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მუშაობს. აქამდე 5 კვლევა გვქონდა ნეიტრალური, ერთი პოზიტიური – REMAP CAP-ის, რომელიც გამოქვეყნდა რამოდენიმე კვირის წინ და ერთი მკვეთრად ნეგატიური (გაზრდილი სიკვდილიანობის მაჩვენებლით) – რომელიც რამოდენიმე დღეში მოჰყვა REMAP CAP-ის კვლევას. ამ კვლევათა დისონანსური რეზულტატების გამო, ყველანი ველოდებოდით RECOVERY-ს შედეგებს, რომლებიც გამოქვეყნდა დღეს პრესრილიზის სახით. RECOVERY არის ყველაზე დიდი კვლევა ტოცილიზუმაბზე და მასში ჩართული პაციენტების რაოდენობა აღემატებოდა ყველა მანამდე არსებული კვლევის მონაწილეთა ჯამურ რაოდენობას.
კვლევამ დაადასტურა, რომ სიკვდილიანობა მცირდება 14%-ით საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, ჟანგბადდამოკიდებული პაციენტების ნებისმიერი სიმძიმის მკურნალობის დროს (ნიღბიდან დაწყებული, მექანიკური ვენტილაციით დამთავრებული). სტეროიდებთან კომბინაციაში, კვლევების შედეგების გათვალისწინებით, პაციენტების სიკვდილიანობა შეიძლება შემცირდეს 30-50%-ით, რაც დამეთანხმებით დიდი მიღწევაა. ახლა მთავარია, რომ პრეპარატი გახდეს ხელმისაწვდომი ყოველი მძიმე კოვიდის მქონე პაციენტისთვის!”- წერს გიორგი კანდელაკი.