“არავითარი სიკეთე იმაში, რომ მელია ასე ზვარაკად, შესაწირად მიიყვანა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ ვითარებამდე, არ არსებობს. გაცილებით უფრო მძიმე შედეგია ის, რომ ადამიანი პირდაპირ გამოწვევას უკეთებს სახელმწიფოს, აკეთებს ისეთ პროვოკაციულ განცხადებებს, რომ ამ ყველაფერს ჯახი მოჰყვეს.” – “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან განვითარებულ მოვლენებს და ნიკა მელიას დაკავებას ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ეხმიანება.
ვოლსკის განცხადებით, დაგეგმილი იყო პროცესების გაცილებით უფრო მძიმე განვითარება:
“ღმერთმა დაგვიფარა, რომ ამ დაკავების ოპერაციას არ მოჰყვა ვინმეს დაშავება. პროცესების გაცილებით უფრო მძიმე განვითარება იყო დაგეგმილი, რომელიც არ გულისხმობს არანაირ მოლაპარაკებას და ეს არის სულ ტყუილი და მოგონილი.” – თქვა მან.
ვოლსკი ასევე მიმართავს ოპოზიციას და ამბობს, რომ ყველა შემოთავაზება, რომელიც ოპონენტებისგან მიიღეს, იყო ჰაერში გამოკიდებული და სტრატეგიულ დესტრუქციულ გეგმაზე დაქვემდებარებული წინადადებების წყობა:
“რამდენად უფრო სამართლიანი და დახვეწილია შემოთავაზება, რომელსაც აკეთებს “ქართული ოცნება”. ჩაიბარეთ, უხელმძღვანელეთ საგამოძიებო კომისიას და ამის საფუძველზე გააკეთეთ დასკვნა როგორი არჩევნები ჩავატაროთ, რიგგარეშე არჩევნები ჩავატაროთ თუ დავტოვოთ ის შედეგები, რომელსაც ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა. ყველა სხვა შემოთავაზება, რომელიც ჩვენი ოპონენტებისგან მივიღეთ, იყო ჰაერში გამოკიდებული, რაღაც სტრატეგიულ დესტრუქციულ გეგმაზე დაქვემდებარებული წინადადებების წყობა.” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
