LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართვის მოწმობის გამოცვლაზე დაუსრულებელი რიგებია (ფოტო, ვიდეო)

შინაგან საქმეთა მინისტროს მომსახურების სააგენტოებთან რიგებია. მოქალაქეები 2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობების გამოცვლას ცდილობენ.

რიგები, დედლაინის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გრძელდება. ამის გამო, გაიზარდა მომსახურების სააგენტოს სამუშაო საათები. მსურველებს ადგილზე მისვლა დილის 10-ის ნახევრიდან, ღამის 10 საათამდე შეუძლიათ.

თუმცა, ეს ცვლილება არსებულ რიგებს არ ამოკლებს.

როგორც “ფორტუნას” შსს-ს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, ისინი ამ ცვლილების შესახებ ინფორმაციას, 2014 წლიდან ავრცელებენ, მას შემდეგ რაც კანონში ცვლილება შევიდა.

“ფორტუნა” ესაუბრა რიგში მდგომებსაც.მათი ნაწილი ამბობს, რომ ინფორმაცია მართვის მოწმობის გამოსვლის საჭიროებასთან დაკავშირებით დაგვიანებით გაიგო, ზოგი კი ამბობს, რომ დიდი ხანია იცოდნენ, თუმცა ამ დრომდე, მომსახურების სააგენტოში მისვლა ვერ მოახერხეს.

რიგში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მოქმედი მძღოლები არ არიან. მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუ ავტომობილს არ მართავენ, შეუძლიათ მოწმობა იანვრის შემდეგ შეცვალონ. (თუმცა, აღსანიშნავია, რომ სანამ მოწმობას არ შეცვლიან, მანამდე მანქანის მართვის უფლება აღარ ექნებათ)

აღსანიშნავია, რომ ამ რეგულაციამ, გააძვირა ფორმა 100-ის ე.წ. ფსიქოს აღების პროცედურა. დედაქალაქის ცენტრში, ზოგიერთ კლინიკაში მისი საფასური 35 ლარსაც აჭარბებს. (სტანდარტული ფასი ამ დრომდე 15–25 ლარამდე მერყეობდა)

მოქალაქეთა ნაწილი “ფორტუნასთან” ამბობს, რომ მათ ჯანმრთელობის ცნობა, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, მხოლოდ სტანდარტული საფასურის სანაცვლოდ აიღეს.

შეგახსენებთ, რომ 2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობები, 2018 წლის 1–ელი იანვრიდან ძალას კარგავს. ასეთი სულ 117 ათასი მართვის მოწმობა არსებობს.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, ძალას კარგავს ასევე “ლურჯი” მართვის მოწმობების C, D და სხვა კატეგორიები.

მეორე ეტაპია 2006 წლის შემდეგ გაცემული მართვის მოწმობები, (A და B კატეგორიის გარდა) ისინი 2018 წლის 1–ელ სექტემბრამდე უნდა შეიცვალოს. (მოქალაქეებს თადარიგის დაჭერა მათ შესაცვლელად უკვე შეუძლიათ).

ვადაგასული მართვის მოწმობების განახლება ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე ხდება. განახლებისთვის მოქალაქეები, ბარათების დამზადების საფასურს – 16 ლარს იხდიან.

მართვის მოწმობის გამოცვლა, საქართველოს მასშტაბით, 11 სტრუქტურულ ერთეულშია შესაძლებელი.

თამთა უთურგაშვილი

magti 5g