LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიტუაციას ვაკონტროლებთ, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს” – კახა კალაძე ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული ზონის შესახებ

128
კახა კალაძე

“სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყოველდღიურად ვაკვირდებით იქ მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს.” – განაცხადა თბილისის მერმა ვაშლიჯვრის ფერდობზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე საუბრის დროს და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია იქნება პირველი, ვინც მოსახლეობას სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის.

როგორც მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ აღნიშნა, ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესები სპეციალური მონიტორინგის სისტემებით გაკონტროლდება. გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები კი სთავაზობენ, რომ მონიტორინგთან ერთად განხორციელდეს გამაგრებისა და სადრენაჟო სამუშაოები:

“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული არის ის, რომ ადგილზე უნდა დამონტაჟდეს სპეციალური მონიტორინგის სისტემები, რაც მოგვცემს საშუალებას, არ გამოგვრჩეს არავითარი ცვლილება იქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები გვთავაზობენ, რომ მონიტორინგთან ერთად განხორციელდეს გამაგრების სამუშაოები, სადრენაჟო სამუშაოები. უფრო მეტად დაკონკრეტდება მისაღები ზომები კვირის ბოლოსკენ, როცა უკვე გვექნება სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული კვლევის პირველადი მონაცემები.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყოველდღიურად ვაკვირდებით იქ მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს. თუ რაიმე ისეთი თემა იქნება, პირველი ჩვენ ვიქნებით, ვინც სრულყოფილ ინფორმაციას მიაწოდებს მოსახლეობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტერიტორიაზე არანაირი კორპუსების მშენებლობის სამუშაოები არ განხორციელებულა და არც მომავალში არის დაგეგმილი.” – თქვა დედაქალაქის მერმა.

კალაძემ ასევე თქვა, რომ გარკვეული მედიასაშუალებები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ და მიზანმიმართულად პანიკას თესენ. მან ჟურნალისტებს მოუწოდა, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან:

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ამ მედიასაშუალებებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. პირველი, რაზეც იყო საუბარი, იყო ის, რომ თითქოს დედაქალაქის მერიამ დამალა ეს პრობლემა ან პირიქით, არც იცოდა ამის შესახებ. ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემაზე, რომლებიც რამდენიმე ათწლეულია არსებობს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, ჩვენც ვიცოდით ამ პრობლემის შესახებ.” – თქვა მან.

კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერი ოფიციალურ ვებგვერდზე იყო ატვირთული და ნებისმიერ ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, ენახა ინფორმაცია ყველა იმ პრობლემურ ადგილთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქშია.

mazda magti 5g