ფოტო: ირაკლი გედენიძე
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერისა და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დასრულდა, დაცვის მხარე მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა. მან პროცესის მიმდინარეობისას კოლეგა ოპოზიციონერებსაც მიმართა და აღნიშნა, “ახლა ამბობენ, მელია პატიმრობაში უნდა იყოსო, რომ ჩემი თავისუფლებით ივაჭრონ – გამორიცხულია! მივმართავ ყველა ჩემ მეგობარს, ზნეობრივ კომპრომისზე ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ წავიდნენ.
მოსამართლის გადწყვეტილებით, ნიკა მელიას საქმის განხილვა 29 აპრილს 11:00 საათზე გაგრძელდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია-პერფომანსი გამართეს. აქციის მონაწილეთა შეფასებით, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკური დევნაა, ამიტომ ისინი სასამართლო სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებებს ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, პარტიის ცენტრალურ ოფისში, 23 თებერვალს სპეცრაზმის შესვლის შემდეგ დააკავეს. ნიკა მელიას ბრალი 17 თებერვალს, 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.