“უსაფრთხო მედიაგარემოსთვის!” – ამ სახელწოდებით მედიის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.
ისინი 5 ივლისს, მედიაზე განხორციელებულ თავდასხმებს აპროტესტებენ და ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან მედიაგარემოს, რათა მუშაობის საშუალება მიეცეთ.
აქციაზე იმყოფება ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელიც “ფორტუნასთან” საუბრობს და ამბობს, რომ განვითარებულ მოვლენებზე, მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს ეკისრება.
როგორც გრიგოლია ამბობს, წინასაარჩევნოდ, საკუთარი მომხრეებისთვის ხელისუფლებამ მთავარი გზავნილი გაუშვა – რომ სადაც ნახავენ მიკროფონით, კამერით, დიქტოფონით აღჭურვილ ადამიანებს, სცემონ და დაასისხლიანონ:
“როდესაც ხელისუფლების კანცელარიის წინ მედია იკრიბება, ეს არის პირდაპირი სათქმელი მათთვის, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, რომელმაც ჩემი აზრით, მთავარი გზავნილი გაუშვა წინასაარჩევნოდ საკუთარი მომხრეებისთვის – სადაც ნახავთ ჟურნალისტებს, სადაც ნახავთ მიკროფონით, კამერით, დიქტოფონით აღჭურვილ ადამიანებს, სცემეთ, დაასისხლიანეთ – მათთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში ჟურნალისტებზე ძალადობა დასაშვები გახადონ.
სხვა შემთხვევაში, გამოყვანილი იქნებოდა სპეცრაზმიც და საკმარისი რაოდენობით პოლიციაც. მაშინ, როცა ყველა პოლიტიკურ აქციას ლამის წყლის ჭავლით, რკინის ბარიკადებით და დათვის ტყვიებით შლიან, ახლა არ იყო ეს აუცილებელი?
რა თქმა უნდა, ეს იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია, მე ასე ვხედავ, პირდაპირ მედიის წინააღმდეგ და თან, 2 000 ლარიანი გირაოთი რომ გამოუშვებ ასეთ შავრაზმელ მოძალადეს, რომელიც წინა დღისით ასისხლიანებს, რა მნიშვნელობა აქვს მედიის წარმომადგენელს თუ სხვა მოქალაქეს, მაგრამ მედიის წარმომადგენელზე კიდევ სხვა ტიპის კანონი ვრცელდება, სამსახურებრივი მოვალეობის ხელისშეშლის გამო, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციას.” – ამბობს გრიგოლია.
ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ამ მოვლენებს გაგრძელება ექნება, რადგან ხელისუფლებამ მოძალადე ჯგუფები მედიის წარმომადგენლებზე დაგეშა:
“ამ ქვეყანაში ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დასაშვები გახდა. არ ვიცი, შეიძლება სახლებში მოგვაკითხონ, სადარბაზოებში დაგვხვდნენ, არ გვეშინია ეს ერთი თემაა, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ხელისუფლებამ ჩვენზე ძალადობაზე დაგეშა მოძალადე ჯგუფები.” – თქვა მან.
“ფორტუნას” კითხვაზე, აქვს თუ არა იმედი, რომ დაკმაყოფილდება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მოთხოვნა და სათანადოდ გამოიძიებენ თუ არა მომხდარ ფაქტებს, ინგა გრიგოლია ამბობს, რომ მისი აზრით, ეს საქმე ქვეყნის ფარგლებს გასცდება და ადრე თუ გვიან, ყველა, ვინც დამნაშავეა, პასუხს აგებს:
“მე ვფიქრობ, რომ ეს საქმე საქართველოს ფარგლებს გასცდება და ადრე თუ გვიან, ყველა, ვინც ამ საქმეშია დამნაშავე, პასუხს აგებს.
ასეთი გამოცხადებული სისხლისღვრის ქრონიკა მე არ მინახავს. ჩვენს ოპერატორს ძვლები აქვს ჩამტვრეული, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, გადადის ხელისუფლებაზე და ბატონ ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელიც ახალგაზრდა კაცია და რომელმაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.
ეს ხელისუფლება მედიას ვერ იტანს, რადგან მედია არ აჩვენებს ცხოვრებას ისე ვარდისფერ ფერებში, ყველგან, ბალახშიც, ღრუბელშიც და მდინარეშიც თვითონ რომ იყვნენ ისე, როგორც თავად უნდათ. ეს არის მედიაზე ანგარიშსწორება.” – ამბობს ჟურნალისტი.
