როგორ შეიძლება უყუროთ საშინელებათა ფილმს ისე, რომ ეს პროცესი სასიამოვნოდ აქციოთ? იფიქრეთ ჯილდოზე, რომელიც ფილმის დასრულების შემდეგ გელოდებათ- ეს არ არის ფსიქოლოგის რჩევა, ექსპერიმენტის ნაწილია, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც იდეის ავტორები კინომოყვარულებს ეძებენ.
ექსპერიმენტის მთავარი მიზანი კი იმის გარკვევაა, რომელი საშინელებათა ფილმებია უფრო შიშისმომგვრელი – მაღალ თუ დაბალბიუჯეტიანი.
“ხართ საშინელებათა ფილმების მოყვარული? გაქვთ სიმამაცე, თქვენმა გულმა გაუძლოს ყველაზე დიდ საშინელებებს და ემოციებს, რასაც კინო გვთავაზობთ? ეს არის ამაღელვებელი შესაძლებლობა, რომ მიიღოთ თანხა 13 საშინელებათა ფილმის ყურებისათვის! დიახ, თქვენ სწორად წაიკითხეთ. ის, ვინც საკმარისად გაბედულია, 13 ფილმის ნახვის შემდეგ, მიიღებს ჰონორარს – 1 300 დოლარს”, – წერია financebuzz.com-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იდეის ავტორი საფინანსო კომპანიის შეთავაზებაში აღნიშნულია, რომ ფილმის ყურების დროს მაყურებლების გულისცემის მონიტორინგი განხორციელდება, მიღებული შედეგების ანალიზით კი გაირკვევა, იწვევს თუ არა უფრო დიდ შიშს მაღალბიუჯეტიანი საშინელებათა ფილმები, ვიდრე დაბალბიუჯეტიანი.
ექსპერიმენტს ორი კომპანია ახორციელებს. ექსპერიმენტში მონაწილეებს ასევე ევალებათ, აღწერონ, როგორი იყო მათი ყვირილის სიხშირე ფილმის ყურების დროს და დაირღვა თუ არა მათი ძილის რეჟიმი ფილმების ნახვის შემდეგ.
აქვე გეტყვით, ექსპერიმენტით დაინტერესების შემთხვევაში, რომელი 13 ფილმის ნახვა მოგიწევთ:
- Saw;
- Amityville Horror;
- A Quiet Plac;
- A Quiet Place Part 2;
- Candyman;
- Insidious;
- The Blair Witch Project;
- Sinister;
- Get Out,
- The Purge;
- Halloween (2018);
- Paranormal Activity;
- Annabelle.
კომპანიის განცხადებებმა საშინელებათა ფილმის მოყვარულების აღფრთოვანება გამოიწვია, მსურველები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობსითვის ემზადებიან.
განაცხადების მიღება 2021 წლის 26 სექტემბრამდეა შესაძლებელი, ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება შეუძლია აშშ-ის 18 წელს ზემოთ მყოფ ნებისმიერ მოქალაქეს.
კანდიდატი 1 ოქტომბრამდე შეირჩევა.
შერჩეულ მონაწილეებს კი 9 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე ექნება შესაძლებლობა, უყუროს ფილმებს და შეასრულოს დავალება.