„საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას ითვალისწინებს და იცავს ვენის კონვენციის პრინციპების“, – ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ევროკავშირში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ორგანიზაციის წარმომადგენლებთან საუბარი უკვე ჰქონდა და მათ გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სრული ინფორმაცია მიაწოდა.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.
როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ ასევე მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს. საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გულისხმობს მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ.
შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს ვიდრე მოვახდენთ მედიაში გავრცელებული მასალების უტყუარი ფაქტებად დეფინიციას.
ზოგადად, საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპებს.
აქვე დავძენთ, რომ აღნიშნულის თაობაზე ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელს უკვე ჰქონდა საუბარი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მათ მიაწოდა სრული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე“, – ნათქვამია უწყების მიერ გარცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომკარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში დაიბარეს
ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, შეხვედრა ბრიუსელში გუშინ, ევროკავშირის სათავო ოფისში შედგა. დიპლომატი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და თქვა, რომ ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.