ცნობილი ქართველი მსახიობი, სახალხო არტისტი ამირან ქადეიშვილი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
მათივე ცნობით, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ამირან ქადეიშვილი დღეს დილით ბოხუას კლინიკაში გარდაიცვალა.
ამირან ქადეიშვილს მიღებული აქვს მონაწილეობა შემდეგ ფილმებში: “კავკასიის ტყვე”, “როგორ ვიცხოვრო უშენოდ”, “თბილისი, პარიზი, თბილისი”, “ჟამი მოქცევის”, “სათნოებათა კიბე” და სხვა.
მის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია (“სემირამიდას ბაღები”), კვეგვე ტარბა (“მთვარის მოტაცება”), კურა-მუჰამედი (“ციმბირელი პაპა”) , ჭოლა (“პირველი მერცხალი”), ნიკო (“გაქცევა გათენებისას”), ხირხალა (“სიყვარული ყველას უნდა”), კობიძე (“სახლი ლესნაიაზე”), ერმილე მამალაძე (“მევლუდი”).
2018 წელს ამირან ქადეიშვილს გადაეცა ჯილდო “ხელოვნების ქურუმი”.
