11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.
ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.
კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება,“ – წერს ღარიბაშვილი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებში მოყვა 20-მდე ადამიანი. ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველებმა ორი მოქალაქის ამოყვანა შეძლეს, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყავნეს. ერთ-ერთი მათგანი, ნანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ქალი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
ასევე, ნანგრევებში ნანახი იქნა ხუთი ცხედარი, 2 ბავშვი, 1 ასაკოვანი ქალი და 2 კაცი. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე:
ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ნანგრევებში მაშველები სავარაუდოდ, კიდევ სამ ადამიანს ეძებენ
გომელაური არ გამორიცხავს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა წრე გაიზარდოს
კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ტანსაცმელსა და საკვებს აგროვებენ
რიჟვაძე: გეოლოგები ირგვლივ ყველა შენობის მდგრადობას შეისწავლიან