„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 27 ოქტომბერს პარტიის მიერ დაანონსებულ აქციას, ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ამ საკითხზე ივანიშვილთან საუბარიც არ ყოფილა.
„ასეთი საუბარი არ ყოფილა. არ ვიფიქრეთ, რომ გარკვეული უხერხულობა შევქმნათ და ვთხოვოთ ვიღაცას, განსაკუთრებით ისეთ ადამიანს, რომელსაც განცხადება აქვს გაკეთებული, რომ პოლიტიკაში არ ჩაერევა, ჩაერიოს პოლიტიკაში – ამას არ ვთხოვთ, ასეთი აზრიც არ გვიჩნდება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება იმას, სად არის ბიძინა ივანიშვილი „ბოროტებასთან ბრძოლაში“, რაზეც მმართველი გუნდის წარმომადგენლები საუბრობენ, მდინარაძე ასე პასუხობს:
„ბიძინა ივანიშვილმა ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების ისეთი მყარი საფუძველი შექმნა, რომ რაც არ უნდა დამიტრიალოთ კითხვა, იგივე პასუხს გაგცემთ, რადგან ეს არის სიმართლე“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამართავს