თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე უნგრეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, გენერალ რიჩარდ კლარკს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ს შორის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მხარეებს შორის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.
თავდაცვი სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს განგრძობითი, მრავალმხრივი და მზარდი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. მინისტრის განცხადებით, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერა, ერთობლივი სწავლებები და აქტივობები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში არსებითი მნიშვნელობისაა,“ – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელ კოლეგასთან ერთად „2021 უნგრეთის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენცია“ გახსნა.
