დარწმუნებული ვარ, მიუხედავად ამ სირთულისა, ეს სადგური აუცილებლად აშენდება და უნდა აშენდეს. ეს არის სადგური რომელმაც სიმძლავრის ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს, – ამის შესახებ ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ირინა მილორავამ Forbes Talk-თან ინტერვიუში „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით ჩვენ თუ გვინდა, ვიყოთ დამოუკიდებელი ენერგეტიკულად, ზუსტად ამ ტიპის ობიექტები უნდა აშენდეს.
კითხვაზე – გააკეთა თუ არა ყველაფერი ქართულმა მხარემ იმისთვის, რომ ინვესტორ კომპანია ENKA-ს საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ პროცედურები არ დაეწყო, ირინა მილორავა შემდეგს ამბობს: “მე არ ვიცი ეს პროცესები სიღრმისეულად და ძალიან არ მიყვარს ისეთ საკითხებზე კომენტარების გაკეთება, რაც არ ვიცი, მაგრამ თავისთავად ფაქტი, რომ ინვესტორი გადის ქვეყნიდან, ჩემთვის კითხვაზე პასუხი არის მარტივი – ე.ი. არ გავაკეთეთ საკმარისი, რადგან მივიღეთ ის მოცემულობა, რაც მივიღეთ, რომ პროექტის ინვესტორი გადის ქვეყნიდან“.
ირინა მილორავა ზოგადად მსხვილი ჰესების მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ აუცილებელია, მეტი და მეტი ვისაუბროთ გენერაციის ობიექტების მნიშვნელობაზე ამ ქვეყნისთვის, რადგან ეს არ არის მარტო კომერციული პროექტი, ეს არის ამ ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი.