საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტები დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, მნიშვნელოვნად გამკაცრდა სასჯელის ზომები ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი პირების მიმართ.
ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა.
უწყების ცნობით, ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევაში, ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, სასჯელის სახით 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში – 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა.
ასევე, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გამკაცრდა სასჯელი ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის.
ცვლილების თანახმად, ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღებისთვის სასჯელად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3-დან 6 წლამდე ვადით. აღნიშნული ნივთიერების დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევაში – 5-დან 9 წლამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში – 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაღვრა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სისხლის სამართლის კოდექსის გარდა, ცვლილებები განხორციელდება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიზანს პოლიციის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა წარმოადგენს.
ცვლილების თანახმად, სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, პოლიციას მიეცემა შესაძლებლობა, პირის იდენტიფიცირება ადგილზევე მოახდინოს და მისი მონაცემები გადაამოწმოს სამინისტროს ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბაზებში. აღნიშნული ელექტრონული პროგრამა უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხო შენახვას და მათ დაცვას უკანონო გამოყენებისაგან.