“ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბები გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
შეკითხვაზე, თუ როდიდან შეძლებს სხვა ბიზნესების მსგავსად ღამის კლუბებიც შემსუბუქებული რეგულაციებით მუშაობას, ღიბრაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ სეგმენტთან ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს:
“რაც შეეხება ღამის კლუბებს, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სეგმენტთან, რომ ერთი მხრივ სეგმენტს ფუნქციონირების საშუალება მიეცეს და მეორე მხრივ, მისი მუშაობა გადაზღვეული იყოს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.
ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბები გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც უნდა იყოს.” – თქვა ღიბრაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, შრომის ინსპექციამ კლუბი “ხიდი” 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა.
როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, მაია მიქაიამ მედიასთან განმარტა, კლუბს ჰქონდა გაფრთხილება. შრომის ინსპექციამ მოუწოდა, თავი შეეკავებინათ აკრძალული, მასობრივი ღონისძიების ჩატარებისგან, სხვა შემთხვევაში კი კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია ამოქმედდებოდა.
შრომის ინსპექცია ღამის კლუბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს