LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ქართული ოპერის, მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერის“ გაციფრება-გამოცემის ძირითადი ეტაპი დასრულდა

707
kulturanews

პროექტის: პირველი ქართული ოპერის, მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერის“ გაციფრება-გამოცემის ძირითადი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას „მრავალეროვანი საქართველო“ ავრცელებს.

მათი ცნობით, პანდემიით გამოწვეული ობიექტური მიზეზების გამო პრეზენტაცია გადაიდო უახლოესი პერიოდისათვის. „2021 წლის 15 ოქტომბრიდან – 2022 წლის 15 თებერვლამდე, დონორის ფინანსური მხარდაჭერით (მუხრანის რეგიონული ეკონომიკური განვითარების ფონდი) და პარტნიორთა დახმარებით ( ქუთაისის ოპერა, თბილისის სახ. კონსერვატორია, ეროვნული ბიბლიოთეკა, არტ-პალასი, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოქროს ფონდი) არასამთავრობო ორგანიზაცია ვ. გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის მიერ განხორციელდა პროექტი – მელიტონ ბალანჩივაძის “დარეჯან ცბიერის” გაციფრება-გამოცემა. პროექტი შემდეგ ეტაპებს მოიცავდა: ნოტების ხელნაწერის გაციფრება – რედაქტირებას (მანანა ჟღენტი, გიორგი შავერზაშვილი), აუდიომასალის დამუშავება-მასტერინგს, ტექსტუალური მასალის შექმნას (პროფ. მარინა ქავთარაძე) ლიბრეტოს და საავტორო ტექსტის ორ ენაზე ქართულად/ინგლისურად თარგმნა (მაია ყიასაშვილი) და რედაქტირება, სპეციალურად პროექტისთვის ორიგინალური ილუსტრაციის (მხატვარი ელენე მელქაძე) შექმნას, იშვიათი საარქივო ფოტომასალის მოძიებას, ოპერის სრული ჩანაწერის (ოქროს ფონდის მასალა) დისკებზე ჩაწერას, სასაჩუქრე გამოცემის დიზაინს (დიზაინერი მანანა გუნია), დაკაბადონებას და დაბეჭდვას (შპს „სეზანი“). ჩატარებული სამუშაოების შედეგად მივიღეთ – გაციფრებული და დამუშავებული სპეციალური გამოცემა ოპერის სანოტო კლავირი, ოპერის აუდიო ჩანაწერით.

კლავირები საჩუქრად გადაეცემა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს და ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა დ ბალეტის სახელმწიფო თეატრს, ასევე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, ხელოვნების სასახლეს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, კომპოზიტორთა კავშირს, მელიტონ ბალანჩივაძის მემკვიდრეებს და სხვადასხვა მუსიკალური უმაღლესი სასწავლებლების ბიბლიოთეკებს, ასევე ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის ქართულ განყოფილებას. ოპერის კლავირი საშუალებას მისცემს სტუდენტებს, პედაგოგებს და მომღერლებს, დაინტერესებისა და სურვილის შემთხვევაში განახორციელონ ოპერის როგორც ცალკეული ნაწყვეტების შესრულება და დადგმა, ისე მისი დიდი სცენისთვის მომზადება და საორკესტრო პარტიტურის მომზადების შემდგომ სარეპერტუარო სპექტაკლად გარდაქმნა. მადლობა პროფესიონალთა გუნდს: მარინა ქავთარაძეს, მანანა გუნია-რომანოს, გოგა შავერზაშვილს, ნინა გუნიას, ელენე მელქაძეს, ეკატერინე ბუჩუკურს, მანანა ჟღენტს, გიორგი ბაგრატიონს, არჩილ ბურჭულაძეს და მაია ყიასაშვილს. ასევე, პროექტის გულშემატკივარს და ხელშემწყობს გიგა წიქარიშვილს. განსაკუთრებული მადლობა პარტნიორებს და რაც მთავარია, ყველას სახელით მადლიერებას გამოვხატავთ მუხრანის განვითარების ფონდი / Mukhrani Development Foundation-ის მიმართ, გაწეული მხარდაჭერისათვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g